მთაწმინდის #6 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიასთან ერთად არჩევანი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა, დავით საყვარელიძემაც გააკეთა.
როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა, თბილისს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც იქნება ყველას მერი განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.
“ჩემი აზრით, ძალიან პრაგმატული და რაციონალური არჩევანი გავაკეთე. ხმა მივეცი არა დაუმთავრებელ ურთიერთდაპირისპირებას და კინკლაობას, არამედ, პირიქით, ხმა მივეცი დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის თანხმობის ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მგზავრობის გაიაფებას, კომუნალური ხარჯების შემცირებას. დროა თბილისი და თბილისელები გათავისუფლდეს დაბოღმილი პოლიტიკისაგან. დარწმუნებული ვარ, თბილისელები გააკეთებენ ასეთ ზუსტ, ასეთ პრაგმატულ არჩევანს, ვინაიდან, ბრმად ავტორიტეტზე გაყოლა არის ის, რამაც კარგი ვერ მოგვიტანა. ამის ნათელი მაგალითი ერთი წლის თავზე ჩვენ უკვე გვაქვს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.
იგი დარწმუნებულია, რომ თბილისის ამომრჩეველი სრულიად სხვა არჩევანს გააკეთებს, ვიდრე გააკეთა წინა ორ არჩევნებში. სწორედ ამის საფუძველზე ნიკა მელია არჩევნების მეორე ტურს თბილისში არ გამორიცხავს.
ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა დეპუტატმა დავით საყვარელიძემაც. მისი თქმით, მან ხმა მისცა პროფესიონალების გუნდს, რომლებსაც უყვართ ქალაქი, ცნობილი არიან საქმის კეთებით და არა ფუჭი დაპირებებით.
15.06.14