ეს არჩევნები პრინციპულად გარდამტეხი ვერ იქნება, ეს არჩევნები არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც ჩემი მოსვლის შემდეგ დაიწყო საქართველოში , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც ნატანებში 61-ე უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ორგანიზაცია “მოქალაქეს” დამფუძნებელმა განაცხადა, საქართველოში არის ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი დემოკრატია, ეს პროცესი გრძელდება და ეს არჩევნებიც ამის სამტკიცი იქნება, ისევე როგორც წინა არჩევნები.
“გვახსოვს როგორი იყო საპარლამენტო არჩევნები, ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოს იყო ევროპულთან, ასევე ხდება დღესაც, რომელიც უფრო რთულია და მრავალრიცხოვანი, ძალიან ბევრი კანდიდატია ასარჩევი. სოციოლოგებს შევხვდი მეგობრულად და არაფორმალურად. ძირითადი პრობლემა დღევანდელი მთავრობის, რაც გამოიკვეთა არის უმუშევრობა. ამას ყველაზე დიდ შეცდომად უთვლიან ხელისუფლებას, რასაც არ ვეთანხმები. ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები კი უნდა შექმნას ბიზნესმა, რისთვისაც ხელისუფლებამ უნდა შექმნას სათანადო პირობები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და კონკურენტული გარემო შევქმნათ, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი გარემო, რომ გააკეთოს არჩევნები”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
15.06.14