რიყის ტერიტორიისა და “ტელეიმედის” გასხვისების საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმე ჯოზეფ ქეი საქალაქო სასამართლოში დღეს სკაიპის მეშვეობით დაიკითხება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარემ პროცესზე განმარტა, რომ ქეი, როგორც ამერიკის მოქალაქე და იქ მუდმივად მცხოვრები, საქართველოში დასაკითხად ჩამოსვლას ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, პროკურორებმა სასამართლოს თხოვნით მიმართეს, მოახდინოს ტექნიკური უზრუნველყოფა და პროცესზე ჯოზეფ ქეი დისტანციურად – სკაიპით დაიკითხოს.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, დაცვის მხარის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სკაიპის მეშვეობით, ჯოზეფ ქეი ხელწერით ვერ დაადასტურებს ფიცს და მისი მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემა გამორიცხული არ იქნება. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლო შეეცდება უზრუნველყოს, 24 ივლისს ჩანიშნულ პროცესზე მხარეებს მიეცეთ საშუალება ტექნიკურად გამართულ გარემოში დასვან მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვა.
საქალაქო სასამართლოში ჯოზეფ ქეის სკაიპით დაკითხვა 14:00 საათზე დაიწყება.
24.07.14