დღეს გამართული მთავრობის სხდომა ეკონომიკურ საკითხებზე საუბრით გაიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში გამოწვეულია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით.
პრემიერის თქმით ლარი დოლართან მიმართებაში 12%-ით გაუფასურდა. მისივე ვარაუდით, პროდუქტზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად მცირდება. გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კონკრეტულ ღონისძიებებზე ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტისა და ქართული წარმოების წახალისების მიზნით. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა სიტუაცია იყოს კონტროლის ქვეშ.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ლარის კურსის დაცემის საპასუხო პროდუქტებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მედიკამენტებზე უკვე შეინიშნება ფასის ზრდა, რაც დოლარის კურსის მატებითაა გამოწვეული.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა: ”მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ განსაკუთრებული და საგანგაშო არაფერი ხდება.”
ღარბაშვილის თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, რათა არავის მიეცეს საშუალება საზოგადოება შეცდომაში შეუყვანოს.
ნინა პირტახია