რუსთაველის თეატრში, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის მიერ ნათარგმნი, ავსტრიელი მწერლის, თომას ბერნჰარდის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, “სანახაობის მომწყობი” პრემიერა გაიმართება.
როგორც მაია ფანჯიკიძე ამბობს, თითქმის ერთი წლის წინ, ინტერვიუს ჩაწერისას გაიცნო ავსტრიელი რეჟისორი და დრამატურგი ქრისტიან პაპკე, რომელიც ორნაწილიან დოკუმენტურ ფილმს იღებდა საქართველოზე.
“ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებულმა, ფილმზე მუშაობის პერიოდში გადაწყვიტა საქართველოში დაედგა დიდი ავსტრიელი მწერლის თომას ბერნჰარდის პიესა “სანახაობის მომწყობი”. აღმოჩნდა, რომ ბერნჰარდის არც ეს პიესა და არც სხვა არ ყოფილა ნათარგმნი ქართულად. თავდაპირველად, ქრისტიანის სურვილი იყო, რომ პიესა დედაჩემს – გერმანულენოვანი ლიტერატურის ცნობილ მთარგმნელს – დალი ფანჯიკიძეს ეთარგმნა, მაგრამ დედას სხვა სამუშაოს გამო არ ეცალა და ასე დაიბადა იდეა, ჩემთვის მოენდო ეს საქმე.
მიუხედავად ძალიან დაკავებულობისა, მაინც დავთანხმდი, რადგან პიესის შემოკლებული ვარიანტი არცთუ ისე დიდად მომეჩვენა. დავიწყე თარგმნა და ვმუშაობდი ყველგან, სადაც დრო გამომიჩნდებოდა – თვითმფრინავში, აეროპორტებში. სექტემბერში ჩავაბარე თარგმანი და რუსთაველის თეატრში სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო”, -აცხადებს მაია ფანჯიკიძე.
მისვე თქმით, ამ პროექტმა ავსტრიის საგარეო საქმეთა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას უხდის. პრემიერისთვის სპეციალურად ჩამოდის ავსტრიის არარეზიდენტი ელჩი საქართველოში.
“მინდა გირჩიოთ სპექტაკლის ნახვაც და წიგნის წაკითხვაც. მართალია, მოქმედება ავსტრიაში ვითარდება, მაგრამ, ხომ იცით, დიდი ლიტერატურის თვისებაა – მასში აუცილებლად დაინახავ იმასაც, რაც შენს ქვეყანაშიც ხდება, ან შეიძლება მომხდარიყო”, -აცხადებს მაია ფანჯიკიძე.