იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტ, კანაიო ნვანზესთან ერთად ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 20 მლნ დოლარამდე ფინანსური ხაზი გამოიყო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აღნიშნული ფინანსური დახმარების ფარგლებში, 6 მლნ დოლარამდე გრანტია, ხოლო დანარჩენი 14 მლნ-მდე, შეღავათიანი სესხი. ფინანსური რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით დოკუმენტზე ხელმოწერა რომში, IFAD-ის ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ეკონომიკისა და მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა.
„IFAD-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში წარმოებისა და ექსპორტის ზრდისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობას ეკონომიკის სერიოზული საყრდენი გახდეს“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
„საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ხელი მოეწერა 20 მლნ დოლარამდე ფინანსურ დახმარებას, რომელიც ითვალისწინებს ფერმერების ხელშეწყობის პროგრამების, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და არაერთი საირიგაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობას“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.
როგორც IFAD-ის პრეზიდენტმა, კანაიო ნვანზემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა და IFAD–ი აქტიურად თანამშრომლობენ. საინვესტიციო პროექტები ფერმერების ხელშეწყობისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ხორციელდება.
„ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობაა. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი სწორედ სტრატეგიული მნიშვნელობის დარგის განვითარებას მოხმარდება“, – აღნიშნა კანაიო ნვანზემ.
პროექტის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა“ (Agriculture Modernization, Market Access and Resilience AMMAR) მიზანია საქართველოში კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის სრული ჯაჭვის – დაწყებული პირველადი წარმოებიდან, დამთავრებული დახლამდე მისული პროდუქციით – განვითარების ხელშეწყობა. წარმოება ადაპტირებული იქნება კლიმატის ცვლილებებზე, სადაც ჩართული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2015-2019 წლებში განახორციელებს.
გლობალური გარემოსადაცვითი ინსტრუმენტის (GEF) გრანტი გამოყოფილია AMMAR -ის პროექტის განხორციელებისათვის. გრანტის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების რისკებისადმი ადაპტირების უნარის ამაღლების ხელშეწყობა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო სისტემების გამოყენების საშუალებით. აღნიშნული პროექტიც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიერ 2015-2019 წლებში განახორციელდება.