გენერალური აუდიტორი ე.წ. კაბელების საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა.
მისივე ინფორმაციით, შესაბამისი მასალები უკვე პროკურატურაშია გადაგზავნილი. სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„აუდიტის სამსახურმა “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით მუშაობა დაასრულა და მასალები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში. როგორც ვიცი, ის საქმეში მტკიცებულების სახითაა მოცემული. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნებს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გამო ზედმეტი კომენტარისაგან თავს შევიკავებ, ვინაიდან არ იყოს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოზე აუდიტის სამსახურის მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა, რა თქმა უნდა, დარღვევები იყო”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.