დღეს 12:00 საათზე, კულტურის სამინისტრში გაიმართება პროექტის „კინო რეგიონებში“ პრეზენტაცია. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ჩლაიძე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, რეგიონებში ახალი კინოპროექტი იწყება. პირველად, დიდი პაუზის შემდეგ, 23 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 18 რეგიონში მაყურებელი წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს ნახავს.
კინოჩვენებები გაიმართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კულტურის სახლებსა და ცენტრებში, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ეკრანებითა და პროექტორებით აღიჭურვა.
23 ივლისდან, ყოველ ხუთშაბათს, ეკრანზე გამოვა ახალი ქართული ფილმი, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელს ერთი კვირის განმავლობაში ექნება. პროგრამაში შედის 2013-2015 წელს გადაღებული, ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ნაცნობი ფილმები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე წარმატებას მიაღწიეს.
ფილმების ჩამონათვალი: „კრედიტის ლიმიტი“ – რეჟ. სალომე/ნუცა ალექსი-მესხიშვილი; „მანდარინები“ – რეჟ. ზაზა ურუშაძე; „გრძელი ნათელი დღეები“ – რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი; „მე ვარ ბესო“ – რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე; „პატარძლები“ – რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი; „სიმინდის კუნძული“ – რეჟ. გიორგი ოვაშვილი; „შემთხვევითი პაემნები“ – რეჟ. ლევან კოღუაშვილი; „ცხრა მთას იქით“ – რეჟ. ლევან თუთბერიძ.
რეგიონების ჩამონათვალი: კასპის კულტურის სახლი, ფოთის ფოლკლორის ცენტრი, სსიპ ხულოს თეატრი, მარტვილის კულტურის სახლი, გორის კულტურის ცენტრი, მარნეულის კულტურის სახლი, ყვარლის კულტურის სახლი, ბაღდადის კულტურის ცენტრი, ლანჩხუთის კულტურის ცენტრი, დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრი, ლაგოდეხის კულტურის ცენტრის კინოთეატრი „სინემა“, თიანეთის კულტურის ცენტრი, ნინოწმინდის კულტურის სახლი, ონის კულტურის ცენტრი, ხარაგაულის კულტურის ცენტრი, დუშეთის კულტურის ცენტრი, შპს „საჩხერის კინო“, თელავი – ა(ა)იპ კისისხევის კულტურის სახლი.