ჩვენ დედაქალაში დანგრეული და ფუნქცია დაკარგული ტაძრები საკმაოდ ბევრია. ისტორიიდან ვიცით, თუ როგორ დაიწყო კომუნისტური რეჟიმის დროს განუკითხავი, მასობრივი განადგურება ეკლესიების, ხატებისა და ძვირფასი ფრესკების. საეკლესიო განძეულობის დატაცება, ჯვრების ჩამოყრა ეკლესიის გუმბათებიდან. ხოლო გადარჩენილი ტაძრები გამოიყენებოდა აბანოდ, პურის საცხობად, თავლად, სამეურნეო საწყობად… მართალია, კომუნისტური წყობა დიდი ხნის წინ დაინგრა, თუმცა მათი განუკითხაობის ნაყოფის მომსწრენი თანამედროვენიც ვართ. დღემდე შეხვდებით თბილისის ზოგიერთ უბანში სხვადასხვა დანიშნულების მქონე შენობის ინტერიერში ტაძრის ნაშთს, რომელთათვის პირვანდელი სახის დაბრუნებაზე ამ დრომდე არავის უფიქრია, ხოლო ზოგიერთი ეკლესიის ადგილზე თავს იწონებს თბილისის სამოქალაქო ნაგებობები, ისეთები როგორებიცაა:პარლამენტის შენობა, კინოთეატრი და სხვა.
„თბილისი თაიმსი“ მოგიყვებათ ტაძრებზე, რომლებიც დაინგრა თბილისში და რომლებიც დღემდე საცხოვრებელ, თუ სხვა დანიშნულების მქონე შენობებადაა ქცეული.
ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი
დღეს მის ადგილზე საქართველოს პარლამენტია. ტაძარი რუსეთის კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა 1870-90-იან წლებში და შუასაუკუნეების რუსი წმინდანი ალექსანდრე ნეველის სახელობისა იყო. ტაძარი ოთხსართულიანი და სამეკლესიანი ყოფილა, შუა – ალექსანდრე ნეველის, მარჯვენა – მიქაელ მთავარანგელოზის და მარცხენა – წმინდა ნიკოლოზის სახელობის. მას ჰქონდა ინდივიდუალური გათბობის ცენტრალური სისტემ, რომლის გამათბობელი იდგა სარდაფში. ტაძარში უკანა მხარეს იყო ფარები, რომლებზეც ეწერა თუ რამდენი ჯარისკაცი და არმიის ქვედანაყოფი მონაწილეობდა კავკასიის დაპყრობაში. სამრეკლოს კოშკი ტაძრის სამხრეთით იდგა და გარს ეკვრა რკინის ღობე, რომელსაც სამი ჭიშკარი ჰქონდა. ირგვლივ ჩამწკრივებული იყო ქვემეხები, რომლებიც ომის დროს დამარცხებულ მხარეებს (სპარსეთი, თურქეთი და შამილი) ჩამოართვეს.
ტაძარს განაგებდა საქართველოს ეგზარქატი 1917 წლამდე, ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ კი გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაასაფლავეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები (იუნკერები), რომლებიც წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ. 1930 წელის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ დაიწყო ტაძრის დემოტაჟი საქართველოს სსრ-ის საქართველოს მთავრობის სახლის ასაშენებლად ადგილის გასათავისუფლებლად. სასახლის ეზოს ტერიტორიაზე შემორჩენილ სასულიერო პირთა საკნებში (კელიებში), 2007 წლის 26 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ხარების სახელობის სამლოცველო გაიხსნა.
წმინდა თეოდორე ჩერნიგოველის რუსული ტაძარი
რუსთაველის N48-ში მდებარეობდა წმინდა თეოდორე ჩერნიგოველის სახელზე აგებული რუსული ხუთგუმბათიანი ტაძარი, რომელიც აუშენებიათ მე-19 საუკუნესი კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგინებელი ორგანიზაციის დახმარებით. ის კომუნისტებმა 1924 წელს ხელყვეს. ტაძრის ფართს ამჟამად სხვადსხვა დანიშნულებით იყენებენ.
ევსტათი მცხეთელის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ააგეს თამარ მეფის დროინდელი მცირე ეკლესიის ნანგრევებზე. იდგა ყორღანოვის ქუჩაზე – დღევანდელი გიორგი ახვლედიანის ქუჩის დასაწყისში, ყოფილი პეროვსკაიაზე. ერთ-ერთ პირველ მოსახლედ ნაეკლესიარ სახლში კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე შეასახლეს.
ტაძარი, გადმოცემის მიხედვით, აუშენებია გრაფ ყარამანოვს. იგი ითვლება ბოდბის მონასტრის დაქვემდებარებულ ტაძრად. ბოლშევიკებმა 1923 წელს მას მოხსნეს გუმბათი, გადღებს და გადააკეთეს საცხოვრებელ სახლად.
მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია
ავლაბარში, ყოფილი რობესპიერის, ამჟამად მთავარანგელოზის N23-ში მდებარეობდა ტაძარი აუგიათ 1898 წელს მღვდელ დავით იანქოშვილის ხელმძღვანელობით. პლატონ იოსელიანის ცნობით კი იგი აუშენებიათ 1805 წელს. მაშენებლებად დასახელებულნი არიან მეტეხის ეკლესიის დეკანოზი ზაქარია და მისი ძმა იოსებ სულხანოვები. შენობა გადაკეთებულია სამსართულიან სახლად, მას გვერდიდან აქვს უკანონო მინაშენებიც. ტაძარი ფუნქციონირებდა 1923 წლამდე. იგი ჯერ ბოლშევიკების მიერ გადაკეთდა სასამართლოდ, შემდეგ პოლიკნინიკად, ბოლოს პურის ქარხნის საერთო საცხოვრებლად, საბოლოოდ სახლის იერი მიიღო 1938წელს. ტაძრის ოთხივე სართული დატიხრულია ოთახებად, საკურთხევლის ტერიტორია გამოყენებულია დერეფნად. საკურთხევლის თავზე დაშენებულია საპირფარეშო. ეკლესიის გვერდით მდებარე შენობაში იყო სასულიერო სემინარია, რომელიც 1923 წელს გადაკეთდა საცხოვრებელ სახლად.
კალოუბანი, კალობანი, თბილისის ისტორიული გარეუბნის ერთ-ერთი მიკროუბანი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სახელწოდება კალოუბანი სემანტიკურად უკავშირდება ძველი ქალაქის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს უბან კალას (კალა-კალო). წარმოიქმნა თბილისის ქალაქად ჩამოყალიბების ადრინდელ ხანაში. კალოუბანში-ახლანდელი კინოთეატრ „რუსთაველის“ ადგილას იდგა ადრინდელი შუასაუკუნეების წმინდა გიორგის საყდარი. (ბერიძე თ.,ქსე.ტ.5, გვ.340-341, თბ. 1980).
ტაძარი რუსული სტილის ყოფილა და 1850 წელს დაუნგრევიათ.
წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ტაძარი
პუშკინის სკვერთან, თბილისის ხელოვნების მუზეუმის შენობაში, რომელიც აშენდა მე-20 საუკუნეში, მეორე სართულზე წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ტაძარი იყო. თავდაპირველად შენობა ეკუთვნოდა სასულიერო სემინარიას, შემდეგ გადაკეთდა სასტუმროდ და ბოლოს მუზეუმად. ტაძრის ადგილას ამჟამად მდებარეობს ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზი.
წმინდა ჯვრის გამოჩინების ეკლესია
დღევანდელი წმ. დავით აღმაშენებლის გამზირის დასაწყისში, მდინარე მტკვართან არსებული კუნძულის მიმდებარე ადგილს სოფელი “კუკია,” ანუ “ახალსოფელი” ეწოდებოდა, სადაც ეგზარხოს ვარლამ ერისთავის კურთხევით, ძველი ნაეკლესიარის ნანგრევებზე მღვდელ პეტრე იმნაძის მიერ 1814-1816 წლებში “წმ.ჯვრის გამოჩინების” ეკლესია აიგო.
პლატონ იოსელიანის ცნობით, 1856 წელს “წმ. ჯვრის გამოჩინების” ტაძრის ნანგრევებზე ახალი, “წმ.ნიკოლოზის” გუმბათიანი ეკლესია აიგო. 1936 წელს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ადგილზე საცხოვრებელი სახლები ააშენეს. ამ დარბაზული ეკლესიის კინო “კოლხეთად” გადაკეთების შესახებ საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტ ჟურნალი „ამბიონი“ წერდა.
ვარდიკო არაბული ხელოვნებათმცოდნე, საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის მთავარი სპეციალისტი „ამბიონთან“ საუბრისას აღნიშნავს: „ადგილზე შესწავლით გამოვლინდა, რომ ნამდვილად ძველი დარბაზული ეკლესიაა კინო “კოლხეთად” გადაკეთებული. არის დამხრობა აღმოსავლეთ-დასავლეთით. სამშენებლო მასალაა: ქართული აგური, შერჩეული ქვა კირ-დუღაბზე. სამივე კარისა და სარკმლების საპირე მრგვალი პროფილირების ქვის ლილვებითა და ქართული ჯვრებითაა შესრულებული. ქართული აგურითაა ნაწყობი შეისრული თაღები და კედლის წყობა. ეკლესიის ჩრდილოეთით ორსართულიანი კარიბჭეა. პირველი სართულის გუმბათქვეშა სივრცე გადალესილია, ხოლო მეორე სართულის ფასადზე ეკლესიის გეგმა აგურის ლილვებითა და მაღალი თაღებითაა გამოსახული. ტაძრისა და კარიბჭის კედლებზე მიშენებულია “საცხოვრებლები”, საწყობები, წყლის აუზი.“
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
კრწანისის N82-ში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია კომუნისტებმა გადააკეთეს საცხოვრებელ სახლად. იგი აშენებული უნდა იყოს მე-18 საუკუნის მიწურულს. აქვე მდებარეობდა წმინდა თამარ მეფის სახელობის მონასტერი. დღეისთვის ტაძარს ორივე მხრიდან აქვს მინაშენები და გადაკეთებულია ორსართულიან სახლად.
კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ჩაისუბნის ქუჩის N7გ-ში მდებარეობდა. ეს ნავისებური ბაზილიკა მე-8 საუკუნისა უნდა იყოს, რომელიც ერთხანს ასირიელებსაც ეკუთვნოდა, უფრო ადრე კი მურვან-ყრუს გაუნადგურებია და შემდეგ აღუდგენიათ. 1924 წელს გადაკეთდა ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის მუშათა საცხოვრებელ სახლად. ტაძარს აქვს მინაშენები. მახლობლად მდებარე ერთსართულიანი სახლი ოდესღაც ეკუთვნოდა ბერებს და სასულიერო პურებს. დღემდეა შემორჩენილი ბერთა კელიები და სასაფლაო. აქ ნაპოვნია საფლავის ლოდები, ოქროსა და თაბაშირის ჯვარები, მაგრამ ისინი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულა. მაცხოვრებლებს საკურთხევლის ადგილას აქვთ საძინებელი ოთახები.
ბოლო ოთხი ტაძრის ფოტო-მასალის მოძიება ვერ მოხერხდა.
წყარო: ambioni.ge; karibche.ambebi.ge
სიფიკო ნინიკაშვილი