„2012 წელს სისტემის მომგებიანობის შემცირება დაკავშირებულია საკრედიტო აქტივობის შემცირებასთან, რომელიც შეინიშნებოდა როგორც ბოლო კვარტალში, ასევე ზოგადად მთელი წლის მანძილზე“, – აცხდებს “თბილისი თაიმსთან”  საუბრისას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.

გვასალიას განმარტებით, სექტორის წმინდა მოგებამ 2012 წელს შეადგინა 134 მლნ ლარი, რაც თითქმის 60 %-ით ნაკლებია წინა წლის წმინდა მოგების მაჩვენებელზე, რომელიც 323 მლნ ლარი იყო.

„წმინდა მოგების მაჩვენებლის შემცირება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გასული წლის განმავლობაში შემოსავლები წინა წელთან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 5%-ით, 2,037,738 ლარიდან 2,143,095 ათას ლარამდე, ხოლო ხარჯები თითქმის სამჯერ მეტად – 17%-ით ანუ 1,677,039 ათასი ლარიდან 1,964,504 ათას ლარამდე. შედარებისათვის 2011 წელს 2010 წელთან შედარებით საბანკო სისტემის შემოსავლები გაიზარდა 1,553,053 ათასი ლარიდან 2,037,738 ათას ლარამდე ანუ 31 %-ით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 1,365,780 ათასი ლარიდან 1,677,039 ათას ლარამდე ანუ 23 %-ით,“

შესაბამისად, საბანკო შემოსავლების შემცირებაზე პირდაპირ აისახა საკრედიტო დაბანდების დინამიკაც: 2012 წელს წინა წელთან შედარებით სესხების მოცულობა გაიზარდა 7,739,057 ათასი ლარიდან 8 ,733,255 ათას ლარამდე ანუ 13 %-ით, მაშინ როდესაც 2011 წელს ანალოგიურ პერიოდში წინა წელთან შედარებით საკრედიტო დაბანდება 24 %-ით მოხდა.

ამდენად, სისტემის მომგებიანობის შემცირება დაკავშირებულია საკრედიტო აქტივობის შემცირებასთან, რომელიც შეინიშნებოდა როგორც ბოლო კვარტალში, ასევე ზოგადად მთელი წლის მანძილზე, რასაც თან დაერთო სესხების შესაძლო დანკარგების რეზერვის ზარალის მნიშვნელოვანი ზრდა. ორივე ეს ფაქტორი გამოწვეული იყო იმით, რომ 2012 წელი იყო პოლიტიკურად ზომაზე მეტად აქტიური წელიწადი, პოლიტიკური დუღილის ზე-მაღალი ტემპარატურით, რასაც თან სდევდა ერთის მხრივ ბიზნესის მოლოდინის რეჟიმში გადასვლა და მეორეს მხრივ, ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საბანკო სექტორს შეეხო. ყოველივე ეს კი ერთის მხრივ აისახა რისკების ზრდაში და შესაბამისად, საკრედიტო აქტივობის შემცირებაში, როგორც ბიზნეს ასევე საცალო დაკრედიტების კუთხით და მეორეს მხრივ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „ქართუ ბანკის“ ზარალში, რომელიც სწორედ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვში აისახა და რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა საბანკო სექტორის წმინდა მოგების მაჩვენებელი, სავარაუდოდ „ქართუ ბანკი“ მიმდინარე წელს ამ ზარალს აინაზღაურებს, რაც ასევე დადებითად აისახება 2013 წლის საბანკო სექტორის ზრდაზე“, – აცხადებს ზურაბ გვასალია.

16.07.13

Please follow and like us: