kvirikakvirikaჩვენ გათვალისწინებული გვაქვს მმართველობის ამომწურავი რეფორმა, რაც გულისხმობს მთავრობის ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნას, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ინვესტორტა საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტორთა საბჭოს წევრებს განუმარტა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების განხორციელების მიმდინარეობას.

„ინვესტორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. ახლახანს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას. რეფორმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი მოიცავს რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას,“–აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობის მიერ დასახული მიზნების გახორციელებისთვის აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება.

მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-2 სხდომა იმართება. სხდომის დღის წესრიგში ხუთი საკითხია განსახილველი. საბჭოს წევრები იმსჯელებენ საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების შესახებ.

საბჭოს სხდომაში მონაწილეობენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ჟან ვან ბილსენი, ასევე, აზიის განვითარების ბანკისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები