გუშინ, დაბა ადიგენის ცენტრში მუსლიმებსა და ქრიტიანების შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც მუსლიმები ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის საკითხს განიხილავდნენ. ქრისტიანებმა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ადიგენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმებს სოფელში სასალფაოსთვის ადგილი უნდა გამოუყოს.
პროტესტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი. მსუბუქად არაერთი ადგილობრივი დაშავდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 156–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დაიწყო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და მომხდარს ხელოვნურად ინსპირირებულს უწოდებს. „თბილისი თაიმსი“ უცვლელად გათვაზობთ განცხადებს: „მუსლიმური რელიგიის მიხედვით მუსლიმი მიცვალებულის სხვა აღმსარებლობის სასაფლაოზე დაკრძალვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე სოფ. ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს არ ჰქონდათ შესაბამისი ტერიტორია სადაც შეძლებდნენ მიცვალებულის დასაფლავებას, მიცვალებული გადაჰყავდათ სხვა რაიონსა და სოფლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე მუსლიმთა სამმართველომ სოფ. ადიგენის მუსლიმი მრევლის მოთხოვნის საფუძველზე არსებული სასაფლაოს გვერდით მიწის გამოყოფის თაობაზე მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. რელიგიის სააგენტოსთან არსებული ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისიამ გასცა რეკომენდაცია მუსლიმებისათვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე. კომისიის წევრები არიან მუსლიმთა სამმართველოს, საპატრიარქოს და სხვა კონფესიების წარმომადგენლები.
საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად, მეგობრულად და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლულად თანაცხოვრობდნენ. სამწუხაროდ ბოლო წლებში ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება. ვფიქრობთ, რომ ადიგენში მომხდარი ფაქტიც არის ხელოვნურად ინსპირირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაწყებულია გამოძიება და აქედან გამნომდინარე მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს ფაქტის გამოძიება და დასჯილ იქნან დამნაშავეები. მოვუწოდებთ მოსახლეობას შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდონ გამოძიების დასრულებას.“
შეგახსენებთ, რომ მუსლიმთა სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ფინანსური და ქონებრივი საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 25 თებერვალს გამოიტანა და შესასრულებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეგზავნება.
სოფლის მკვიდრი ქრისტიანი მოსახლეობა აცხადებს, რომ ახალი სასაფლაოს გახსნას არ დაუშვებს, რადგან მასში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.
„ერთი ქრისტიანული სასაფლაოა და მუსლიმებიც აქ დაიკრძალონ. გადიდდეს ტერიტორია და აქ დაასაფლაონ თავიანთი მიცვალებულები. ჯერ სასაფლაო გაიხსნება, მერე მეჩეთი აშენდება და მერე შეიძლება სულ გაგვასახლონ ქრისტიანები სოფლიდან“. – ამბობენ ქრისტიანები.
ქრისტიანების პროტესტის არ ესმით მუსლიმებს. ისინი ეთანხმებიან სოფლის სასაფლაოს გადიდებას, თუმცა, იმ პირობით, რომ მუსლიმებისთვის ამ საერთო სასაფლაოზე ცალკე ადგილი იქნება გამოყოფილი, რადგან ზოგი ქრისტიანული წესი, მაგალითად, დღესასწაულზე ალკოჰოლის გატანა სასაფლაოზე, მიუღებელია მათი სარწმუნოებისთვის.
სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, სოფელ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას ადგილობრივი ხელისუფლების არასათანადო ქმედებას უკავშირებს, მომხდარზე რეაგირებას საქართველოს პრემიერ მინისტრისგან ითხოვს და იმასაც დასძენს, რომ მუსლიმები თანახმა არიან სოფელში როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი თემის სასაფლაოსთვის ერთი ტერიტორია გამოიყოს.
„სასაფლაოს გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიიღო, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობა არ მოიქცა სათანადოდ. გამგებელი ქუჩაში არ უნდა არჩევდეს ასეთ საქმეებს, რაც მოხდა, არის ვანდალური აქტი. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ ვითხოვთ პრემიერისგან რეაგირებას. გამგებელი ხელებჩაწყობილი იდგა და არანაირ რეაგირებას არ ახდენდა. არადა ჩვენ ვითხოვთ სულ 500–დან 1000 კვადრატულ მეტრამდე მიწას. არაა პრობლემა, ერთი მთლიანი ტერიტორია თუ გამოიყოფა და ის შუაზე გაიყოფა, ცალკე მუსლიმები იქნებიან და ცალკე ქრისტიანები“.- მუფთი მამუკა ვაშაყმაძე
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შისწავლის. მისი წარმომადგენელები და იურისტები ადგილზე ჩავიდნენ ვითარების შესასწავლად.