მიჩიგანის შტატის ამერიკული ქალაქ დეტროიტი, რომელიც აშშ-ს ავტოინდუსტრიის დედაქალაქად ითვლება გაკოტრების საფრთხის წინაშეა, გაკოტრების პროცედურა მრავალმილიონიანი საბიუჯეტო დეფიციტისა და საგარეო ვალების გამო, რომელიც 18 მილიარდ დოლარს აჭარბებს გასულ კვირას დაიწყო.
თუ სასამართლო ცნობს ქალაქის ფინანსურ უუნარობას, ეს გახდება უმსხვილესი მუნიცეპალიტეტური გაკოტრება, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში.
მიჩიგანის შტატის ვეინის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი პიტერ ჰენინგი აცხადებს, რომ ქალაქის ფინანსურ მომავალზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოსამართლეები და არა ქალაქის არჩეული მთავრობა მიიღებს.
პიტერ ჰენინგი: ეს ნამდვილად გარდამტეხი მომენტია, რადგან განსაკუთრებულ სიტუაციათა მენეჯერი აღარ მუშაობს და არც ქალაქის არჩეული მთავრობა. ახლა ფედერალური საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტს, ვინ რამდენი უნდა მიიღოს ანაზღაურების სახით.
ქალაქის გადასარჩენად შტატის ხელისუფლებამ დეტროიტს დაუნიშნა სიტიმენეჯერი-ექსტრენული საკითხების გადასაწყვეტად, ამ საქმეს გაუძღვება იურისტ და ფინანსისტი კევინ ორრი, რომელმაც გაკოტრებისგან იხსნა საავტომობილო კონცერნი Chrysler.
მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიზნესის და სამართლის პროფესორი ერიკ გორდონი ამერიკის ხმასთან საუბარში აცხადებს, რომ ქალაქი ახლა ბოლო წლების დაუდევრობის გამო საფასურს იხდის.
ერიკ გორდონი: ქალაქს ჰყავდა მერი, რომელიც დააპატიმრეს, შემდეგ კი ისევ ციხეში შეაბრუნეს. წლების განმავლობაში ქალაქის საბჭო მასხარებისგან იყო დაკომპლექტებული. ეს იყო ქალაქი, რომელიც ზღაპარში ცხოვრობდა, და შედეგმაც არ დააყოვნა.
პროფესორი ამბობს, რომ ამერიკულმა ავტო-მწარმოებლებმა არასწორად გათვალეს უცხოეთში ნაწარმოები ავტომანქანების ხიბლის უპირატესობა, რამაც ქალაქის, როგორც ამერიკული ინდუსტრიის სიმბოლოს ავტორიტეტი შეარყია.
ერიკ გორდონს ახსოვს, რომ დეტროიტის მანქანა-მწარმოებლები და ხალხი უცხოეთიდან იმპორტირებულ ავტომანქანებს სპორტული შეჯიბრების ავტომობილებს უწოდებდა და ამბობდნენ, რომ არავინ იყიდიდა მათ. თუმცა დრო შეიცვალა და დეტროიტი- საკუთარი წარმოების გაუმჯობესების ნაცვლად გაზარმაცდა. შედეგად, ევროპულმა მანქანა-წარმოებამ მიჩიგანში დამზადებული ავტო-პროდუქცია უკან მოიტოვა.
მისივე თქმით: ამერიკაში გაკოტრებულად თავის გამოცხადება ასევე ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს. გაკოტრების პროცესი სასამართლო ზედამხედველობის პროცედურებით მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, ეს არის სპეციალური საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც აღჭურვილია სპეციალური უფლებამოსილებით და მსესხებლებთან ურთიერთობებს არეგულირებს. ამ დროს კრედიტორებს, რომლებსაც მაგალითისთვის 100 დოლარის სესხი აქვთ გაცემული შესაძლოა მხოლოდ 10 დოლარი დაუბრუნდეთ.
დეტროიტი არ არის პირველი ამერიკული ქალაქი, რომელმაც გადაწყვიტა თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს, 2012 წელს იგივე გააკეთა კალიფორნიის სამმა ქალაქმა: სტოქტონმა, მამმოტმა და სან-ბერნარდინომ. 2011 წელს პენსილვანიის ქალაქ ხარისბურგმაც გააკეთა განაცხადი, თუმცა სასამართლომ იგი არ ცნო გაკოტრებულად.
თუმცა უნდა ითქვას რომ, დეტროიტს გაცილებით დიდი ადგილი უჭირავს, ამეროკის ეკონომიკასა და მრეწველობაში, ვიდრე ზემოთ ნახსენებ ქალაქებს.
პროფესორი ერიკ გორდონი მოელის, რომ დეტროიტი საბოლოოდ თავს დააღწევს გაკოტრებას და გახდება ქალაქი, რომელიც აქცენტს გააკეთებს ტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებაზე, და არა თავის ინდუსტრიულ წარსულზე.
22.07.13