kvirikaაშკარად თვალნათელია ის სტაბილური და მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც საქართველო ხვდება ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს,–ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტმა, კარლჰაინც კოპფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო–ავსტრიის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, პარლამენტთა შორის თანამშრომლობისა და ეკონომიკურ სფეროში საქმიანობის პერსპექტივებზე. გიორგი კვირიკაშვილმა კარლჰაინც კოპფს ქვეყნის სწრაფი განვითარების სამთავრობო გეგმა გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ტურიზმის სფეროში არსებულ უდიდეს პოტენციალს. ხაზი გაესვა სამთო ტურიზმის მიმართულებით ავსტრიის გამოცდილების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს ავსტრიულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე და რეგიონული მასშტაბის პროექტებზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს. ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტის განცხადებით, ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში გატარებული რეფორმების კუთხით საქართველო სამაგალითო ქვეყანა და უპირობო ლიდერია.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კარლჰაინც კოპფს ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებისთვის, ახლო მომავალში თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.

საუბრის დასასრულს საქართველოს პრემიერ–მინისტრი და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი 5 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ საქართველო – ავსტრიის საფეხბურთო მატჩს შეეხნენ და წარმატებები უსურვეს საკუთარ გუნდებს.

(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები