fileსაქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის, ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისათვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ურყევი არჩევანია. ამ გზაზე ჩვენ წარმატებით გავიარეთ უამრავი გამოწვევა, სწორედ ჩვენი გამორჩეული მეგობრების მხარდაჭერით, რომლებიც კვლავ ჩვენს გვერდით დგანან წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

ჩემთვის დიდი პატივია დაგაჯილდოვოთ ოქროს საწმისის ორდენით იმ დამსახურებული წვლილისთვის, რომელიც მიგიძღვით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.

მე ამაყი ვარ, რომ საქართველოს თქვენი სახით მსგავსი განსაკუთრებული მეგობარი ჰყავს“,  – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ალექსანდერ  ვერშბოუმ  მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ჯილდოსათვის.

„ჩემთვის განსაკუთრებით დიდი პატივია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს აღიარება ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე მოხდა. მსურს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მივულოცო ეს თარიღი.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო და ნატო ძლიერი პარტნიორები და ახლო მეგობრები გახდნენ, დაკავშირებულნი საერთო ღირებულებებით და ერთიანი სურვილით დაიცვან ეს ღირებულებები.

მე ამაყი ვარ, რომ წვლილი შევიტანე ამ პარტნიორობაში და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს ნატოს წევრობასთან უფრო აახლოებს”, – განაცხადა ალექსანდერ ვერშბოუმ.

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები