დღეს, 18 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი მერვე საუკუნეში მოღვაწე უდიდესი ქართველი წმინდანი, სასულიერო მოღვაწე და მწერალია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო–კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში, ლიხის გამყოფ ქედზე დააარსა უბისის მონასტერი.
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ, 951 წ., გრიგოლის გარდაცვალებიდან 90წლის შემდეგ. მისი „ცხოვრების“ დღეს არსებული ერთადერთი (XI-XIIსს..) ხელნაწერი მხოლოდ 1845 წელს გახდა ცნობილი, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში გამოავლინა ნიკო ჩუბინაშვილმა. ცნობა მისი აღმოჩენის შესახებ 1889 წელს დაიბეჭდა, ხოლო ქართული ტექსტი რუსული თარგმანით მხოლოდ 1911 წელს გამოსცა ნიკო მარმა.
„ზეცისა კაცი და მიწისა ანგელოზი“, ამ სიტყვებით ახასიათებს მერჩულე დიდი ქართველ საეკლესიო მოღვაწესა და განმანათლებელ მეუდაბნოეს. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი 759 წლის 5 ოქტომბერს ქართლში, წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. აღიზარდა თბილისში ქართლის ერისთავის ნერსეს კარზე.
გრიგოლის ბავშვობა და სიყმაწვილე, უფრო მონაზვნის ცხოვრებას ჰგავდა. როდესაც აღმზრდელებმა და მშობლებმა მისი მღვდლად კურთხევა მოინდომეს, შეშინებულმა თქვა: „და აწ პატივს ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“, თუმცა დაემორჩილა მათ ნებას, მაგრამ როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა გადაწყვიტეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ტაო-კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი. მრავალმხრივ განათლებულმა კარგად იცოდა მწიგნობრობის ფასი ადამიანის სულიერი აღზრდისათვის. ამიტომ იყო, რომ გრიგოლისა და მისი მოწაფეების მიერ დაარსებული ტაო-კლარჯეთის მრავალრიცხოვანი ეკლესია-მონასტრები იქცა მწიგნობრობისა და ლიტერატურული საქმიანობის კერებად.
გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათალიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათალიკოსად.
მერჩულის ცნობით, მას საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიბიკონი და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული “საწელიწდოჲ იადგარი” – ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა.
გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელიწადს და გარდაიცვალა 861 წელს, 5 ოქტომბერს. წმინდანის ნეშტი, საკუთარი ანდერძისამებრ დაკრძალეს ხანძთის მონასტერში.
გიორგი მერჩულემ ნათლად დაგვიხატა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის მთავარი მიზანი: საქართველოს ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის საფუძვლების ისე განმტკიცება, რომ მას შეძლებოდა პოლიტიკურად შესუსტებული ქვეყნის სულიერი წინამძღოლი ყოფილიყო და ერთიანი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ქართულ ეკლესიას გადამწყვეტი როლი შეესრულებინა. თხზულება გამოხატავს იდეას, რომ უმაღლეს სულიერებამდე აღმოცენებული სამონასტრო ძმობა არის არამარტო სამეფო ხელისუფლების ძლიერების ქვაკუთხედი, არამედ მისთვის ზნეობისა და სამართლიანობის მასწავლებელი და მათ საქმეებზე ღმერთთან შუამავალი.
სოფიკო ნინიკაშვილი