%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 49 694 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 4 816-მა პირმა მიიღო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, საზღვარგარეთ არჩევნები დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა.

გამოქვეყნებული  მონაცემების  მიხედვით, 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა   40 ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს შეეძლო. სულ  გახსნილი იყო 55  საარჩევნო უბანი.

არჩევნებში მონაწილეობა შეძლეს სამშვიდობო მისიაში მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმაც – ორი უბანი იყო გახსნილი ავღანეთში.

საზღვარგარეთ 1862-მა ამომრჩეველმა ხმა  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მისცა, 1589 ამომრჩეველმა – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 490 ხმა  „ირაკლი ალასანია – თავისუფალმა დემოკრატებმა“ მიიღო, 300 ხმა მიიღო „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულმა მოძრაობამ“, 177 ხმა – რესპუბლიკურმა პარტიამ, 176 ხმა დააგროვა შალვა ნათელაშვილის „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“, 90 ხმა მიიღო „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკმა, 88 ხმა მიიღო „დავით თარხან-მოურავი – ირმა ინაშვილის საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, ხმების დანარჩენი, მცირე  ნაწილი სხვა პარტიებზე გადანაწილდა.

ავღანეთში გახსნილ ორ უბანზე მიცემული ხმების საერთო რაოდენობა ასე გამოიყურება – ,,ქართული ოცნება” – 614 ხმა, ,,ნაციონალური მოძრაობა” –  297,  ,,თავისუფალი დემოკრატები” – 221 და სხვ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემა სამ უბანზე შეეძლოთ. #7 უბანზე 34-მა ამომრჩეველმა ხმა ,,ნაციონალურ მოძრაობას” მისცა, 26-მა ,,ქართულ ოცნებას”,  18-მა ,,თავისუფალ დემოკრატებს”,  ნიუ-იორკში გახსნილ მე-8 უბანზე ყოფილმა მმართველმა პარტიამ 111 ხმა დააგროვა,  ამჟამინდელმა კი -37.  ამ უბანზე რამდენიმე ერთეული ხმის დაგროვება  ლეიბორისტულმა პარტიამ, ,,პატრიოტთა ალიანსმა” , ნინო ბურჯანაძის ,,დემოკრატიულმა საქართველომ”, ,,ქართულმა იდეამ” და ,,თავისუფალმა დამოკრატებმა”  შეძლო.

ნიუ-იორკის მე-9 საარჩევნო უბანზეც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიპოვა უპირატესობა და  125 ხმა დააგროვა, ,,ქართულ ოცნებას” ამჯერად 38 ხმა ერგო.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში  უპირატესობა კვლავ ,,ნაციონალურ მოძრაობას” ერგო და  32 ხმა მიიღო,  მმართველმა პარტიამ – 25,  ,,დავით უფუსაშვილი -რესპუბლიკელებმა” კი -13. ირაკლი ალასანიას ,,თავისუფალ დემოკრატებს” 9 ამომრჩეველმა მისცა ხმა,  ხოლო ლეიბორისტულ პარტიას – 2-მა.

საბოლოო ჯამში, ,,ნაციონალურ მოძრაობას” აშშ-ში  მცხოვრებმა 315-მა საქართველოს მოქალაქემ დაუჭირა მხარი,  ხოლო ,,ქართულ ოცნებას”  101-მა.

დიდ ბრიტანეთშიც ერთი საარჩევნო უბანი მოქმედებდა. #15  უბანზეც ,,ნაციონალებმა” მიიღეს ხმების უმრავლესობა – 41, ,,ქართულმა ოცნებმა “ კი  – 36. ამ უბანზე  რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა -14 ხმა დააგროვა.

ესპანეთში 2 უბანი მოქმედებდა – მადრიდსა და ბარსელონაში. მადრიდის მე-16 საარჩენო უბანზე  ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა,  სულ 13-მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, აქედან   კი ყველაზე მეტი – 4 ხმა პაატა ბურჭულაძის პარტიას ,,სახელმწიფოს ხალხისათვის” ერგო.

ბარსელონაში არსებულ #18  უბანზე  ,,ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა უპირატესობა და 37 ხმა მიიღო, ,,ნაციონალურ მოძრაობას” კი – 26.  სხვა პარტიებთან შედარებით,  მეტი უპირატესობა  ერგო ლეიბორისტულ პარტიას   და ამ უბანზე  8 ხმა მიიღო.

რაც შეეხება  მეზობელ ქვეყნებს – თურქეთში სულ 3 უბანი გაიხსნა. ანკარას #20 უბანზე ხმების უმეტესობა  ,,ქართულმა ოცნებამ”  მიიღო – მას 20 ხმა შეხვდა, ,,ნაციონალურ მოძრაობას” ხმა 12-მა  ამომრჩეველმა მისცა.

სტამბოლში გახსნილ 21-ე უბანზე ყოფილმა და ამჟამინდელმა მმართველმა პარტიებმა თითქმის თანაბარი ხმები დააგროვეს – ,,ნაციონალურ მოძრაობას” 21-მა, ხოლო ,,ქართულ ოცნებას” 22-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ტრაპიზონში გახსნილ 22-ე უბანზე ,,ქართულმა ოცნებამ” – 13, ხოლო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” 9 ხმა მიიღო. ამ უბანზე სხვა პარტიებისთვის არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა.

აზერბაიჯანშიც სამი უბანი გაიხსნა. ბაქოში არსებულ მე-4, მე-5 და მე-6 უბნებზე  საერთო ჯამში მმართველმა პარტიამ – 42, ,,ნაციონალურმა  მოძრაობამ” – 54,  რესპუბლიკურმა პარტიამ  კი 9 ხმა დააგროვა.

სომხეთში გახსნილ  42-ე უბანზე აშკარა უპირატესობა ,,ქართულ ოცნებას”
ერგო,  პარტიამ 27 ხმა მიიღო,  ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” –  6.

იტალიის 25-ე უბანზე უპირატესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა – 26 ხმა, ,,ნაციონალურ მოძრაობას”  10 ხმა ერგო.  თამაზ მეჭიაურის პარტიას კი -7.

საბერძნეთში ყველაზე მეტი –  სულ 6 უბანი ფუნქციონირებდა ( #34, #35, #36, #37, #38, #39 უბნები). საერთო ჯამში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”  287 ხმა მოიპოვა, ,,ქართულმა ოცნებამ” კი – 314.

საფრანგეთში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”  სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტი ხმა დააგროვა – 35, რითაც მმართველ პარტიას  6 ხმით აჯობა. ასევე, ხმების დიდი რაოდენობა მიიღეს რესპუბლიკელებმა  (13)  და ,,თავისუფალმა დემოკრატებმა”  (18).

რაც შეეხება უკრაინას, აქ 3 უბანი მოქმედებდა –  2 ქალაქ კიევში, ერთი კი ქალაქ ოდესაში.

#44 , #45  და #45 უბნების მონაცემებს თუ შევაჯამებთ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”  92 ხმა მიიღო ( აქედან კიევის  45-ე უბანზე ვეცერთი), ხოლო ,,ქართულმა ოცნებამ” –  105.  მოცემულ უბნებიდან ქ. ოდესის საარჩევნო უბანზე  ,,ნაციონალური მოძრაობის” უპირატესობა დაფიქსირდა   – პარტიამ –  33, ხოლო ,,ქართულმა ოცნებამ”  2 ხმა მიიღო.

სრული მონაცემები საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლების აქტიურობის შესახებ ცესკოს საკუთარ ვებვერდზე აქვს განთავსებული.

როგორც შედეგების მიხედვით შეიძლება დასკვნის გამოტანა , ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” საზღვარგარეთ ხმების საკმაოდ სოლიდური როადენობა დააგროვა და ქვეყნების დიდ ნაწილში უპირატესობაც კი მოიპოვა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის:

,,ზოგადად, პროპაგანდას შეიძლება მივაწეროთ ეს შედეგი, აშშ-სა  და დასავლეთის ქვეყნებში მიდის პროპაგანდა, რომ ,,ქართულ ოცნება” პროდასავლურ კურსს არ ემხრობა, ხოლო ,ნაციონალური მოძრაობა” ამ კურსის  ერთგული გამტარებელია.”

ექსპერტი იმაზეც საუბრობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ყოფილი ხელისუფლების საკმაოდ სოლიდური ნაწილ ემიგრაციაში წავიდა, რომელმაც, სავარაუდოდ, არჩევნებში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

 

ნატალია ჯალაღონია

 

Please follow and like us: