„საერთოდ მეცინება, რომ აჟიოტაჟია მოადგილის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით. მოადგილე არც პრივილეგიით სარგებლობს და არც სხვა დეპუტატებისგან განსხვავებული უფლებამოსილება აქვს. თუ მათთვის მთავარია რომ მოადგილის სტატუსი ჰქონდეთ და ამით თავი მოიწონონ, მათი გადასაწყვეტია“. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის კენჭისყრის ჩაშლის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ ორივე სუბიექტთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება, რასაც ორივე უარყოფს, არ ვიცი რცხვენიათ თუ რა სჭირთ. ვიხელმძღვანელეთ პროპორციით, სამი მოადგილის თანამდებობა უკვე დაკავებული აქვს პატრიოტთა ალიანსს. თუ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას გამბედაობა არ ჰყოფნის, რომ შეთანხმება დაადასტუროს, ეს მათი პრობლემაა. „პატრიოტთა ალიანსის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტების შეფარდება იყო თორმეტი სამთან და ეს მათ კარგად იცოდნენ. უბრალოდ სიტუაცია პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენეს.
თუ დეპუტატს უნდა რომ საქმე გააკეთოს, ქვეყანას ემსახუროს და შინაარსზე იყოს ორიენტირებული, აბსოლუტურად იგივე უფლებამოსილება აქვს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს. ჩვენ ვიცავთ პრინციპს, რომ უმცირესობისთვის არის გამოყოფილი კვოტა და ამ კვოტას პატივს ვცემთ დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე. ყველას თავისი სუბიექტური მიდგომა აქვს, გუნდში პოლიტიკური დისციპლინა არსებობს, მაგრამ ყველას აქვს დამოუკიდებელი მიდგომები. საერთო ჯამში ამ აჟიოტაჟს გავლენა ვერ ექნება კომიტეტის საქმიანობაზე. მომავალ კომიტეტის სხდომაზე დააყენებენ პარტები კანდიდატებს და ისევ ვუყრით კენჭს. დემოკრატია გულისხმობს იმ მოცემულობასთან შეგუებას რაც შეიძლება უმრავლესობას არ მოსწონდეს. არც უმრავლესობის და არც უმცირესობის გადასაწყვეტი არ არის ვინ უნდა იყოს ნდობის ჯგუფში. დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ ვის წარმოადგენენ პოლიტიკური სუბიექტები.
ირაკლი სესიაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანის კანდიდატურაზეც ისაუბრა.
„აპელირება, რომ ვიღაცას საეჭვო კავშირები აქვს, არასწორია. შესაძლოა რაიმე კითხვები არსებობს, მაგრამ ელემენტარული პოლიტიკური კულტურა უნდა გააჩნდეთ. თუნდაც იმ ერთ ხმას უნდა სცენ პატივი, რომლითაც „პატრიოტთა ალიანსმა“ ბარიერი გადალახა“.
მანანა ღოღობერიძე