საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია რელიგიური დენომონიაციების მიერ ებრაელთა მუზეუმში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ემიჯნება და თხოვნით მიმართავს მასმედიის წარმომადგენლებს მათ ეკლესიას ნუ მოიხსენიებენ იმ რელიგიებს შორის, რომლებიც დადებითად აფასებენ სააგენტოს საქმიანობას.
„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის განცხადებას:
„2016 წლის 14 დეკემბერს ებრაელთა მუზეუმში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საპატრიარქოს, სრულიად მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოს ებრაელთა კავშირის წარმომადგენლებმა (სულ ექვსი რელიგიური თემი) დადებითად შეაფასეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და სახიფათო ტენდენციად გამოაცხადეს რელიგიურ თემებთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკა.
აღნიშნული პრესკონფერენცია პასუხია იმ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ამა წლის 12 დეკემბერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ, რომელზეც განხილული იყო რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევები. აღნიშნულ კონფერენციაზე რელიგიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ელოდნენ სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ბატონი ზაზა ვაშაყმაძის მოხსენებას. სამწუხაროდ, გაურკვეველი მიზეზების გამო, მან დღის წესრიგში ჩანიშნულ და მასთან შეთანხმებულ მოხსენებამდე რამდენიმე წუთით ადრე განუცხადა უარი მოსვლაზე ორგანიზატორებს. ამდენად, უპასუხოდ დარჩა უამრავი კითხვა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც რელიგიურ თემებს აწუხებთ ამ ქვეყანაში.
საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის დღიდან გამოხატავს კრიტიკულ დამოკიდებულებას ამ ინსტიტუციის მიმართ მისი შექმნის პროცესების, მისი მიზნებისა და სტრატეგიის გამო… პრესკონფერენციაზე მოწვევა მიიღო ჩვენმა ეკლესიამ, მაგრამ არც დასწრებია აღნიშნულ ღონისძიებას და არც განცხადებაზე მოუწერია ხელი.
ამდენად, ვთხოვთ როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოს, რომელიც ორგანიზატორი და მომწვევი იყო 14 დეკემბრის პრესკონფერენციისა, ასევე იმ მედია სააგენტოებს, რომელთაც გააშუქეს პრესკონფერენცია, შეასწოროთ განცხადების ხელმომწერთა სია და საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტურ ეკლესიას ნუ მოიხსენიებენ იმ რელიგიებს შორის, რომლებიც დადებითად აფასებენ სააგენტოს საქმიანობას.“
ინფორმაციისთვის, აღნიშნული კონფერენციის პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ განცხადების ტექსტს იზიარებდა 8 რელიგიური დენომინაცია:
- საქართველოს საპატრიარქო,
- საქართველოს მუსლიმთა სამმართველო,
- სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესია,
- საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია,
- საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია,
- საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭო,
- საქართველოს ებრაელთა კავშირი,
- ლათინ კათოლიკეთა ეკლესია.
თუმცა, მოგვიანებთ ცნობილი გახდა, რომ ლათინ კათოლიკეთა და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია დანარჩენი 6 კონფესიის შეხედულებებს, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან. ისინი არც 14 დეკემბრის ბრიფინგს დასწრებიან.
სოფიკო ნინიკაშვილი