„თბილისი თაიმსი“ რეგიონებში არსებული ეკლესია-მონასტრების მდგომარეობით დაინტერესდა. ასევე, იმ მიზნით, რომ ადგილზე გაგვეცნო სასულიერო პირები და მათ შეხედულებები, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია მოვინახულეთ. გთავაზობთ ინტერვიუს მამა დიმიტრი კუკულავასთან, რომელიც ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მსახურობს.
ტაძარს დილით ვესტუმრეთ. მამა დიმიტრი კანდელს ანთებდა და ლოცვისთვის ემზადებოდა. მცირე ლოცვისა და მიცვალებულთა მოხსენიების შემდეგ გაგვესაუბრა. ის პროფესიით ისტორიკოსია. ბორჯომში მასწავლებლად მუშაობდა. უფრო ადრე ხიდისთავში ცხოვრობდა და ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი იყო.
ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი როდის აშენდა? მახსოვს ადრე მოხატული იყო.
– ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა. 2000 წელს ეკურთხა. ფრესკებს რაც შეეხება, საკმაოდ დაზიანებული იყო, ამიტომ ჩამოიხსნა ძველი ფრესკები და ხელახლა მოიხატება.
მამა დიმიტრი, რატომ მოდიან ადამიანები ტაძარში?
– ადამიანების უმეტესობა ტაძარში ორ მიზეზს მოყავს: სიხარულს ან განსაცდელს. სამწუხაროდ, განსაცდელის გამო მოსული ადამიანები ჭარბობენ. მათ სხვადასხვა პრობლემები აქვთ. ისინი ხშირად საკუთარი სახლებიდან ქუჩაში ან სამსახურში გარბიან, რომ ერთმანეთს გაერიდონ. იმის ნაცვლად, რომ შეიკრიბონ და ერთმანეთს მოუსმინონ, ოჯახებს გაურბიან. ამ დროს ათ მცნებაში ხომ წერია: „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.“ თუმცა ეს მხოლოდ მშობლების პატივისცემას არ გვავალებს, ეს მცნება გვთხოვს, პატივი მივაგოთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ რა ასაკში ვართ. ასევე პატივი უნდა ვცეთ ჩვენს წინაპრებს, არ დავივიწყოთ ისინი და ვილოცოთ მათი სულებისთვის.
რა არის გარდაცვალება?
– რთულია თქმა, როგორც ახალგამოჩეკილ წიწილას ვერ დააკავებთ მისსავე ნაჭუჭში, ასევე სულს ვერ დავაკავებთ სხეულში. ეს ბუნების წესია. ფაქტია, რომ აფთიაქში ვერ ვიყიდით დღეგრძელობის წამალს. სანამ ვცოცხლობთ, უნდა გვიყვარდეს, გავუღიმოთ და თბილად მოვეპყროთ ერთმანეთს.
ვინ ან რა არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი წინაპრების გარდა?
– ილია ჭავჭავაძე გვეუბნება, „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა, დღეს მე ვის რა ვარგე.“ საღამოს რომ დავწვებით დასაძინებლად, ვეღარ ვიხსენებთ, დღის განმავლობაში რა გავაკეთეთ, რით დავეხმარეთ ან რა სარგებელი მოვუტანეთ სხვებს. სიკეთეზე ფიქრი წინა დღით უნდა დავიწყოთ. საჭიროა ისე დავგეგმოთ, რომ მოცემული შანსი ხელიდან არ გავუშვათ, რომ რომელიმე შემთხვევა მოულოდნელი არ აღმოჩნდეს და არ ვინანოთ, რომ რაღაც ვერ გავითვალისწინეთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ?
– აი, მაგალითად ის, რომ დღეს კამფეტებს ვიყიდი და ხვალ სკოლიდან მომავალ ბავშვებს დავურიგებ.
მარიამ ქალებაშვილი