„სიტყვა „დეჟა ვუ“ ყველაზე მეტად უხდება ამ მდგომარეობას, განცდა იმისა, რომ ეს შენსავე ცხოვრებაში, ამ ქვეყანაში მოხდარა. ეს შეცდომები დაუშვია ხელისუფლებებს და ამისთვის გადაგვიხდია არა მხოლოდ პოლიტიკურ–ეკონომიკური თუ სოციალური ფასი“. ამის შესახებ ჟურნალისტმა, ალექსანდრე რონდელის ფონდის მედიაცენტრის დირექტორმა გიორგი თარგამაძემ, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „არჩევანის“ საგანგებო ეთერში ისაუბრა.
„ბევრჯერ გადავკიდებივართ ერთმანეთს, ხალხი წასულა ქვეყნიდან, კვლავ იმ წრეზე ვტრიალებთ და ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. მხოლოდ „იმედი“ არ არის ისტორია, ისტორიაა ტელეკომპანიია „იბერია“, საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე მერამდენე წრეზე და არა პირველად, ისტორიაა სხვა მსხვილი მედია საშუალებებიც, იგივე „მზე“, „კავკასია“, „მაესტრო“.
შედგა არჩევნები და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, არჩევნებით წავიდა ძველი ხელისუფლება, მოვიდა ახალი და ყველას გვქონდა იმედი, რომ ევროპული განვითარებული დემოკრატიის მსგავს სახელმწიფოდ და საზოგადოებად ჩამოვყალიბდებოდით. იმედი გვქონდა, რომ არ შეგვძულდებოდა ერთმანეთი და ამ სიძულვილს არ გადმოვანთხევდით ყველა საშუალებით. სამწუხაროდ იგივე შედეგი მივიღეთ, ორი ნაბიჯი გადავდგით უკან,“ – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მანანა ღოღობერიძე