აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, დაკავებული ბათუმელების გათავისუფლება უახლოეს საათებში მოხდება. ამის შესახებ პატარიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ჩართვისას განაცხადა.
პატარაძე ბათუმის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
”მოვუწოდებ ჩემს ბათუმელებს, ჩემს აჭარლებს შეინარჩუნონ სიმშვიდე. ვიცი, რომ რთული ვითარებაა და ვნებათაღელვაა. ვესაურე შს მინისტრს და ვთხოვე დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. მივიღე მისგან პირობა, რომ უახლოეს საათებში, მაქსიმუმ 1 საათში მოხდება მათი გათავისუფლება. მე ვიძლევი ამის გარანტიას”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს საათებში, როდესაც ის ბათუმში დაბრუნდება, მთავრობის წევრებთან ერთად ჩაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა ვითარება სტაბილური გახდეს.
”ჩვენ, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.