დღეს საქართველოში მცხოვრები ებრაული საზოგადოება „ფურიმის“ დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც  ძვ.წ მე-5 საუკუნეში, სპარსეთში მცხოვრები ებრაელების გადარჩენის აღსანიშნავად დაწესდა.

„ფურიმი“-ეს გამარჯვების დღესასწაულია, ერთგვარი გაფრთხილება ისრაელის ყველა მტრებისთვის. მორწმუნეთათვის კი ლამაზი, მხიარული დღესასწაულია, რომელიც მამაცობისა და რწმენის მუდმივ წყაროს წარმოადგენს. ღმერთის მიმართ ებრაელი ერის ერთგულების გამოხატულებაა.

წინასწარმეტყველებისა და ხახმების მიერ აღწერილია ფურიმის დღესასწაულის მიზეზები და ხასიათი. ამ დღეს მორწმუნეები ოთხ მიცვას ასრულებენ:

  • მეგილის კითხვა;
  • ერთმანეთის დასაჩუქრება;
  • ღარიბების დასაჩუქრება;
  • ლხინი და მხიარულება.

ამ ოთხი მიცვის შესრულება სავალდებულოა როგორც მამაკაცებისათვის, ისე მანდილოსნებისათვისაც, რადგან ისინიც  მონაწილეობდნენ დღესასწულში.

აქვეა აღწერილი თუ როგორ უნდა გაუკეთონ საჩუქარი მორწმუნეებმა ერთმანეთსა და ღარიბებს. მამაკაცი უგზავნის თავის ამხანაგს, ქალი კი თავის მეგობარ ქალს ტკბილეულსა და გემრიელ საჭმელს, არა ნაკლებ ორი ულუფისა. ყველაზე ღარიბმა ებრაელმაც კი უნდა დაასაჩუქროს არა ნაკლებ ორი ებრაელისა. ამ დღეს სავალდებულოა წვეულების გამართვა უფლის სახელზე, რომელმაც ფურიმის სასწაული მოახდინა.

რაც შეეხება ლოცვათა თანმიმდევრობა ფურიმში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ დღეს, მაგრამ ემატება ლოცვა “მორდეხაისა და ესთერის დღეებში”.

ებრაულ საზოგადოებას ფურიმის დღესასწულას ულოცავს საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი  გაბრიელ მირილაშვილის. „თბილისი თაიმის“ უცვლელად გთავაზობთ მას:

„როგორც მოგეხსენებათ, ამ დღესასწაულის ისტორიული ფესვები მოდის უძველესი ეპოქიდან. ისტორიკოსთა ვარაუდით, ამბავი, რომელთანაც დაკავშირებულია იგი, უნდა მომხდარიყო 486-465 წლებს შორის ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ე. ი. თითქმის 2500 წლის წინათ, სპარსეთში. იმ დროს სპარსეთის იმპერიას განაგებდა თავისი სიძლიერითა და მრისხანებით განთქმული მეფე ახაშვეროში, რომლის მფლობელობაში შედიოდა 127 პროვინცია ინდოეთიდან ეთიოპიამდე. მისი პირველი მინისტრი და მოადგილე – ამანი ებრაელების დაუძინებელი მტერი იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ დიდმა ებრაელმა მეცნიერმა და მოაზროვნემ – მორდეხაიმ უარი განუცხადა მას სპარსთა სარწმუნეობის მიღებაზე, რაც იმ დროისათვის უდიდეს დანაშაულს წარმოადგენდა და დიდ სასჯელს იმსახურებდა. ამანმა ეს ამბავი მიიტანა მეფის ყურამდე. მეფე ახაშვეროშს შორსმჭვრეტელობა არ აკლდა და მან მორდეხაის ეს სიჯიუტე და საკუთარი სარწმუნოებისათვის თავდადება შეაფასა, როგორც ბუნებით ერთგული ადამიანის თვისება, მით უმეტეს რომ იგი საკუთარი სიცოცხლით იყო მისგან დავალებული.  ეს კიდევ უფრო აცოფებდა ბოროტ ამანს და იგი ნელნელა, თანმიმდევრობით ადგენდა ებრაელთა სრული განადგურების ვერაგულ გეგმას.

და როცა თავისი ცოლის ერთი პატარა კაპრიზის გამო განრისხებულმა ახაშვეროშმა სიკვდილით დასაჯა იგი, მთელს იმპერიაში საგანგებოდ ჩატარებული ძებნის შემდეგ, საცოლედ მოუნახეს ყველაზე უმშვენიერესი ქალიშვილი – ესთერი, მორდეხაის ბიძაშვილი რომელიც ძალიან შეუყვარდა ახაშვეროშს. ამ ორი ადამიანის გამჩენისადმი ერთგულებამ და მათი ინიციატივით შესრულებულმა ებრაელთა გულმხურვალე ლოცვამ იხსნა ებრაელობა სრული განადგურებისაგან, მორდეხაი კი – ხეზე ჩამოხრჩობისა და მასხარად აგდებისაგან, ხოლო მორდეხაისთვის ამანის მიერ გამიზნული საშინელი სასჯელით დასჯილ იქნა თვითონ ამანი.

ისტორიას ახსოვს მრავალი ამანი, რომლებსაც ძველი სპარსეთის იმპერიის პირველი მინისტრის ბედი ეწიათ. ახსოვს ისტორიას, აგრეთვე მრავალი მორდეხაი, გამჩენისადმი, ებრაული რწმენისადმი დიდი სიყვარულითა და სამსახურით რომ საგმირო საქმეები ჩაუდენიათ და სიკვდილისაგან უხსნიათ თავიანთი ხალხი.

ჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო! ახლაც, ჩვენს დროში არსებობს არა ერთი და ორი ამანი, რომელთაც სწადიათ აღგავონ ებრაული სახელმწიფო პირისაგან მიწისა. ჩვენი ქვეყნის სამხედრო ძლიერებასთან ერთად, თორის სიყვარული, ათი მცნებისადმი ერთგულება ყოველთვის გაამარჯვებინებს ჩვენს ხალხს თუ-კი მტერი გაბედავს ჩვენი საზღვრების ხელყოფას. მაგრამ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გამჩენი აქამდე არ მიიყვანს საქმეს და ისევე ჩაფუშავს ისრაელიშვილებზე ამდგარი მტრების ზრახვებს, როგორც ამანის გეგმები ჩაიშალა. ამის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!  იმედიან, ბედნიერ და მხიარულ ფურიმს გისურვებთ ყველას!“ -აღნიშნავს გაბრიელ მირილაშვილი თავის მილოცვაში.

წელს ფურიმის წვეულება სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიიღეო სადღესასწაულო ტრაპეზში, სიმღერებსა და ცეკვებსი.   ასევე წაკითხულ იქნა მეგილათ ესთერი, ხოლო ბავშვებისთვის ჩატარდა გასართობი პროგრამა.

სოფიკო ნინიკაშვილი

(Visited 110 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*