„რუსეთის ფედერაცია თავის სამხედრო ძლიერებას ზრდის, ეს მიმართულია ევროპული სტაბილურობის საწინააღმდეგოდ. ამას ისინი არც მალავენ და ღიად ამბობენ, რომ სურთ შეცვალონ ბალანსი, ღირებულებებზე აგებული სისტემა, საერთაშორისო სამართალი“. ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე რუსეთის ქმედებებზე, უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„მიზანი, რაც ჰქონდა რუსეთის ფედერაციას, არ შეცვლილა. ეს არის რეგიონის მილიტარიზაცია, შეირაღებული ძალების პოლიტიკური ამბიციების მიზნით გამოყენება. ეს გაცდა საქართველოს მასშტაბს, ლაპარაკია შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ჩვენთვის ეს ნაბიჯები კიდევ დამატებით საფრთხეს შეიცავს. ეს ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს, არ იწყება არც საქართველოში, არც მხოლოდ შავ ზღვაში. ის რაც დაიწყო საქართველოში, გაგრძელდა ყირიმის ანექსიით, აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებით, კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.
რუსეთის ფედერაციას გაცხადებული აქვს თავისი მიზნები, ყველა დაგეგმილი ან მოულოდნელი წვრთნა არის სამხედრო ძლიერების დემონსტრირება. ყველაზე დაცული საზღვრები გააჩნია რუსეთს იქ, სადაც ნატოს წევრი ქვეყნები არიან. თუმცა, ის ძალის დამტკიცებას აგრძელებს.
ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, არის დიპლომატიური, პოლიტიკური არხები გამოყენებულია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი აქტიურობით არის ეს ნაბიჯები გადასადგმელი. ყევლა ის ვიზიტი, სადაც პრეზიდენტი მიდის და უშიშროების საბჭოს აპარატი მონაწილეობს, დატვირთულია უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებით. არასდროს არის საკმარისი ძალისხმევა, რადგან ოკუპაცია სახეზეა. მეტი უნდა გავაკეთოთ,რომ ისტორიულ უსამართლობას დავუპირისპირდეთ“ , – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე