საზოგადოებრივ საქმიანობაში ადამიანების ჩართულობა ერთერთი უპირველესია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაც მეტი ადამიანი გამოავლენს თავის შესაძლებლობებს, მით უკეთესია მისთვისაც და სრულიად საზოგადოებისთვისაც. უნდა ითქვას, რომ ეს ყველას ეხება, მათ შორის შშმ პირებსაც. საქართველოში ამ მხრივ ვითარება თანდათან უკეთესობისკენ  მიდის. ამის ნათელი მაგალითია ინტეგრირებული თეატრის, „აზდაკის ბაღის“ დაარსება, სადაც ერთად, როგორც ტიპიური განვითარების მსახიობები, ასევე შშმ პირები მოღვაწეობენ. უფრო ვრცლად თეატრის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი და პროექტის ხელმძღვანელი, ქეთი ქიმოსტელი ესაუბრა.

მოგვიყევით თეატრის შესახებ, მსგავსი დასის შექმნის იდეა საიდან წამოვიდა? რამდენი ხანია რაც ფუნქციონირებს?

– ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ დაარსდა 2016 წლის მარტში და ზუსტად ერთი წელია უწყვეტად ფუნქციონირებს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ბაჩო გაბრუაშვილი, რომელიც მერვე წელია მუშაობს სხვადასხვა დღის ცენტრში და დგამს სპექტაკლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობით. ინტეგრირებული თეატრის დაარსების იდეაც სწორედ მას ეკუთვნის და აერთიანებს სხვადასხვა შეზღუდვის, როგორც გონებრივი განვითარების შეფერხების, ფიზიკური შეზღუდვისა და ფსიქკური აშლილობის მქონე პირებს.

თეატრს სახელწოდება-„აზდაკის ბაღი“ როგორ შეურჩიეთ, იდეა საიდან წამოვიდა?

იდეა ბაჩოს ეკუთვის. ბერტოლდ ბრეხტის  „კავკასიურ ცარცის წრეში“  მოსამართლე აზდაკის ანდერძია, რომ ერთ-ერთი დიდგვაროვანის მამული გადაეცეს ბავშვებს და აშენდეს მათთვის ბაღი, რომელსაც „აზდაკის ბაღი“ დაერქმევა. სწორედ ამ ანდერძის მიხედვით დაერქვა თეატრსაც ეს სახელწოდება.

მსახიობებს სასცენო ხელოვნების ათვისებაში ვინ ეხმარება?

 მსახიობის ოსტატობაში და მეტყველების კულტურაში მსახიობებს ბაჩო ატრენინგებს. გარდა ამისა, ყოველი სპექტაკლისთვის რეპეტიციები სისტემატიურად მიმდნარეობს.

მონაწილეებს რა კრიტერიუმებით არჩევთ? როგორც ცნობილია, დასში როგორც ტიპიური განვითარების დამწყები მსახიობები, ასევე შეზღუდლი შესაძლელობის მქონე ახალგაზრდებიც არიან. ასაკობრივი ზღვარი როგორია? დღეს თეატრს რამდენი მსახიობი ჰყავს?

 – დასში სულ 24 მსახიობია. აქედან, 16 შეზღუდული შესაძლებლობის და 8  ტიპიური განვითარების მსახიობი. მათი უმრავლესობა სრულწლოვანია, თუმცა გვაქვს პრეცენდენტი, რომ რამდენიმე მსახიობი არის 18 წლის ქვემოთ, ეს არის სოფელ მარტყოფში  მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, რომელიც ასევე ინტეგრირებულია და მისი 4 მაცხოვრებელი არის ჩართული თეატრში, აქედან 3  კი არასრულწლოვანია.

მსახიობების არჩევა რაიმე კრიტერიუმით ჩვენი მხრიდან არ ხდება. თვითონ გვიკაშირდებიან, მოდიან, ესწრებიან რეპეტიციებს და თუ აღმოვაჩენთ, რომ ერთად მუშაობა შეგვიძლია ვაგრძელებთ კიდეც.

თეატრს დაფინანსების წყარო თუ ჰყავს? სარეპეტიციო ადგილი თქვენი სახსრებით მოიპოვეთ თუ ვინმე გეხმარებათ?

ამ ეტაპზე თეატრს მუდივი დაფინანსება არ აქვს. რაც შეეხება ფართს, ალბათ ახლო მომავალში გავფართოვდებით, ამჟმად კი 40 კვადრატულში ვართ, რომლის იჯარასაც თავად ბაჩო იხდის.

„აზდაკის ბაღი“ მაყურებლის წინაშე რამდენი სპექტაკლით არის წარმდგარი? თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

ორი სპექტაკლი გვაქვს ნათამაშები: ნ.დუმბაძის მოთხრობების მიხედვით „ბოშები“ და „საახალწლო აურზაური ზღაპარეთში“ – სცენარის ვტორი და დამდგმელი რეჟისორი ბაჩოა. ამჟამად „კაცია-ადამიანს?!“ ვდგავთ. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, უპირველეს ყოვლისა, გვინდა ჩვენი მომდევნო სპექტაკლი ნათარგმნი იყოს ჟესტურ ენაზე და სმენისა და მხეველობის არმქონე მაყურებელსაც შეეძლოს სპექტალის ნახვა. ისევე როგორც აქამდე, ახლაც გვინდა მიმდინარე სპექტაკლი რეგიონებსაც ვაჩვენოთ საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებს სტუდენტებს, მოხალისე მაყურებელს. გვაქვს რამდენიმე ქვეყანასთან მიმოწერა, რომელთაც ასევე აქვთ ინტეგრირებული თეატრი, დიდი სურვილია ერთად ფესტივალის, სამუშაო შეხვედრების გაკეთების. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩვენი „სახლის“ აშენება, რომელიც აუცილებლად იქნება ადაპტირებული, სადაც დავეტევით თავისუფლად, ვიმუშავებთ უფრო მეტს და ვუმასპინძლებთ ბევრ სტუმარს, შესაბამისად გაიზრდება შედეგებიც.

ჩვენს სამომავლო გეგმებში ასევე შედის პროფესიული სასწავლებლის დაარსება, სადაც, როგორც შშმ პირები, ასევე, ტიპიური განვითარების მქონე ადამიანები შეძლებენ მიიღონ განათლება სამსახიობო ოსტატობის განხრით.

ნინო ზარიძე

(Visited 105 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*