„მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პრინციპი „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“, ერთ-ერთი ლეგიტიმური პრინციპია. იქნება 3, 5 ან მაქსიმუმ 7%-იანი ბონუსი“. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენი ოპონენტები ვერ ეგუებიან და გვაკრიტიკებენ პოზიტიური ცვლილებებისთვის, ერთ-ერთი მთავარი პოზიტივია საარჩევნო სისტემა. ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო წინა საპარლამენტო არჩევნები, ნაცვლად 115 დეპუტატისა, გვექნებოდა 103 ხმა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 40 ხმა. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის 150-დან 113 ხმა. ეს ლეგიტიმურად მიჩნეულია მსოფლოს ბევრ ქვეყანაში. საბერძნეთში და იტალიაში ბონუსები არის უფრო ხისტი.
წინ გვაქვს ვენეციის კომისიის დასკვნა და თუ რაიმე სამართლებრივი შენიშვნა იქნება, ჩვენ ვართ თანახმა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. მიზანშეწონილობის, პოლიტიკური გემოვნების საკითხებზე ვენეციის კომისია არ საუბრობს. საპარლამენტო სისტემებში ყველაფერი გამართულად მუშაობს, როდესაც პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი არაპირდაპირი წესით, ხოლო სხვაგან სადაც ასე არ ხდება და პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი წესით, რატომ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ნეგატიური გამოცდილებისკენ“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანანა ღოღობერიძე