საქართველოს მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა.
როგორც მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლება შეიძლება მიეცეს მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე. ნახევარ განაკვეთზე გადაყვანილი მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა დღეში 4 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც შეეხება ღამის საათებში მუშაობას, მოხელის ღამის საათებში სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა 7 საათს არ უნდა აღემატებოდეს. მოხელე, რომელიც ღამის საათებში მუშაობს, მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღეს თავისუფლდება.
დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას მოხელე კანონით განსაზღვრულ სახელფასო დანამატს მიიღებს. ხოლო, ჯამრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობითაა შესაძლებელი. ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში სპეციალური მოსამზადებელი კურსის გატარების გარეშე მოხელის გადაყვანა დაუშვებელია.
ნინო ზარიძე