შსს-ს განცხადებით, 21 წლის სექსმუშაკის ი.ლ.-ს ცემის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ბრალდების მხარის ჩვენების მიხედვით, სამართალდამცველებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა.

“შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლები, სადაც მათ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული ი.ლ. დახვდათ. მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

პოლიციელების დანახვისას ი.ლ. აგრესიული გახდა, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათთან თანამშრომლობასა და სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა. პოლიციამ ი.ლ. წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 177-ე მუხლების თანახმად დააკავა. დაკავებისას მას განემარტა ნებაყოფლობით ადვოკატის მოწვევის უფლება. ადვოკატის პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ი.ლ.-მ განაცხადა, რომ იგი მის კოლეგა ქალბატონს არ უცემია, არამედ დაზიანებები სხეულზე სამართალდამცველებმა მიაყენეს. ი.ლ. ამჯერად სამედიცინო დახმარებაზე დათანხმდა, რის შემდეგაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვარდების მოედანზე მომხდარ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები