ქვეყანაში რომ ეკოლოგიური მაჩვენებელი სავალალოა, ცხადია. სიტუაციის გამოსწორება არც ისე მარტივია, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზები, რა თქმა უნდა, არსებობს. ერთ-ერთი ამგვარი გზა შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ შემოგვთავაზა. კომპანიამ გარემოსდაცვითი გეგმა წარადგინა. იმის გასაგებად, თუ რას მოიცავს აღნიშნული გეგმა და ექნება თუ არა დადებით გავლენა ქვეყნის ეკოლოგიურ მაჩვენებლზე, „თბილისი თაიმსი“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
მოგვიყევით პროექტის შესახებ, რა არის „ჯორჯიან მანგანეზის“ გეგმის მთავარი იდეა და მიზანი?
– კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის მთავარი მიზანი–შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივი გაუმჯობესებაა. წლების მანძილზე რესურსის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში განხორციელებულმა არასწორმა ქმედებებმა (ღია კარიერული წესით დამუშავების პროცესში ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხნისა და საწყობების გარეშე სამუშაოების წარმოებამ, ფუჭი ქანების არასწორმა განთავსებამ, სალიცენზიო ფართობში არსებული ხე-მცენარეების განადგურებამ და ა.შ.) ფაქტობრივად, გარემოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. განვითარდა ეროზიული პროცესები, დააბინძურა როგორც ნიადაგი, ასევე შეუქცევადი გახდა მდინარის დაბინძურების პროცესი.
მოცემული პროექტი დროის რა პერიოდში უნდა განხორციელდეს?
– ამ ეტაპზე, კომპანიის მიერ, სამინისტროში წარმოდგენილია საშუალო ვადიანი გეგმა, რომელიც 2017 წლის ივნისიდან პერიოდს მოიცავს, ზოგიერი საკითხისათვის კი 2018 ან 2019 წლამდე პერიოდია განსაზღვრული. ამასთან, არის ქმედებები, რომლებიც მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს (მაგ: გარემოს დაცვითი მონიტორინგის ჩატარება).
როგორ ფიქრობთ, „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსდაცვითი გეგმა რამდენად გაამართლებს, ქვეყნის ეკოლოგიურ მაჩვენებელი თუ შეიცვლება?
– გეგმა დადებითად არის შეფასებული. რაც შეეხება ქვეყნის ეკოლოგიური მაჩვენებლის შეცვლას, ვფიქრობთ, რომ კომპანიის საქმიანობის მასშტაბების გათვალისწინებით (იგი არის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია ქვეყანაში) გარემოსდაცვითი გეგმის წარმატებით განხორციელება, ქვეყნის ეკოლოგიურ მაჩვენებელზე დადებითად აისახება.
ნინო ზარიძე