დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ეროვნულ ბანკსა და სასახლეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ფინანსური განათლების პროექტის “სკოლა-ბანკი” დანერგვა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, როგორიცაა “გლობალური ფულის კვირეული”, აქტიური თანამშრომლობა. ამასთან, მხარეები ითანამშრომლებენ პედაგოგების შესაძლებლობების გაზრდისა და ახალი საგანმანათლებლო მიდგომების შემუშავების მიმართულებით.

პროექტის “სკოლა-ბანკი” ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბავშვების და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-თან (CYFI) თანამშრომლობით, 12-15 წლის მოზარდებისთვის განავითარა სახელმძღვანელო, რომელიც სახალისო და ინტერაქტიული ფორმითაა შედგენილი, და მოიცავს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო ყველა ფინანსურ საკითხს, როგორიცაა, ფინანსური სისტემა და მისი მონაწილეები, მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები, ფულის დაზოგვა და გონივრულად მართვა. ეს პროექტი ბავშვებს დაეხმარება გამოიმუშაონ ცოდნა, ჩვევები და დამოკიდებულებები, რაც მათ ფინანსურ სისტემასთან თავდაჯერებით ურთიერთობასა და მომავალში, პასუხისმგებლიან მომხმარებლებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

“სკოლა-ბანკის” ფარგლებში, 2017 წლის აპრილში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა პედაგოგების ტრენინგი, სწავლება კი სექტემბრიდან დაიწყება.

ამასთან, 13-14 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკი, CYFI-სთან თანამშრომლობით, აწყობს სამუშაო შეხვედრებს კომერციული ბანკებისთვის, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების განვითარებაა, რაც ახალგაზრდების ფინანსურ სისტემასთან დაახლოებას და ფინანსური განათლების პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება.

“ახალგაზრდა თაობა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია. დღევანდელ ახალგაზრდებს გაცილებით მეტი და კომპლექსური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ დამოუკიდებლად, ვიდრე წინა თაობებს უწევდათ. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ვაწერთ ხელს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან, რომელიც ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

“ეროვნული სასახლისთვის, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდებისთვის ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების დანერგვას. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების სოციალურ-ფინანსურ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, ამდენად ეროვნული სასახლე 2017-2018 სასწავლო წელს ამ მხრივ მუშაობას გააძლიერებს. მოხარული ვარ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფინანსური განათლების კუთხით ეროვნულ ბანკთან და CYFI-სთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა. სასახლის სახელით მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ეროვნული ბანკისა და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ყველა საგანმანათლებლო ინიციატივას”, – განაცხადა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ.

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*