პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ბაღების კვირეულს იწყებენ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კვირეულის პირველ დღეს მათ თბილისის 128-ე და 79-ე ბაგა-ბაღები დაათვალიერეს.
მოსკოვის გამზირზე მდებარე 128-ე ბაღი 2016 წლის იანვარში გაიხსნა. პარლამენტის ინფორმაციით, ის ერთ-ერთია იმ 50-მდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან, რომელიც გასულ წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა. შენობა 2007 წელს ავარიული მდგომარეობის გამო დაანგრიეს და მის აღდგენას ადგილობრივები წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ. ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ფლიგელისგან შემდგარ, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღში ამჟამად 500-ზე მეტი პატარა დადის. ნაძალადევის რაიონში, მიტინგის ქუჩაზე მდებარე 79-ე საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2016 წლის შემოდგომაზე შევიდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ყოფილი N79 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც 2011 წელს ავარიული მდგომარეობის გამო დაიხურა. აღნიშნული ბაღის აღსაზრდელები ამ დრომდე მე-7 საჯარო სკოლის შენობაში დადიოდნენ. 11-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი სკოლამდელი განათლებით ამ ეტაპზე 400-მდე ბავშვს უზრუნველყოფს. ორივე საბავშვო ბაღის შენობა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.