არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
”გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთმა პუბლიკაციამ, რომელიც ეხებოდა იმუნიზაციის პროცესს. ის, რაც პუბლიკაციაში წერია, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაცემული აქვს არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის. მათ შორის, გუშინწინ გაიმართა სხდომა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა დაუსაბუთეს აუდიტის სამსახურს ჩვენი პოზიცია. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კოტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და იყო დაპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რომელიც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია საზოგადოებას ჯერ არ მოუგონია, რამაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, აუდიტის სამსახურის პუბლიკაციაში არ იყო განმარტებული, რომ საუბარი იყო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და არა სხვა აცრებზე, რომლებიც კეთდება კალენდრის მიხედვით.