„ეს არ არის პრეზიდენტის ახირება და საკითხი თუ ვინ ვის მოერევა. არ გვინდა შეხვედრა შეხვედრისთვის. იმედი მაქვს,რომ საპარლამენტო უმრავლესობა მორევის პრინციპით არ იმოქმედებს“ , – პარლამენტისთვის მედიაორგანიზაციების საერთო მიმართვაზე და მაუწყებლის შესახებ კანონის ხარვეზებზე ტელეკომპანია „კავკასიას“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ნინო ჟიჟილაშვილის დღის ამბები“ ისაუბრა.
„კარგია,რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა. ვერ წარმომიდგენია მსოფლიოში პოლიტიკოსი,რომელიც ასეთ შემთხვევაში არ შეხვდებოდა მედიის წარმომადგენლებს. იმედია ეს შეხვედრა მხოლოდ ფორმალობა არ იქნება. ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ვეტო, რეალურად გიორგი მარგველაშვილს მედიამ და არასამთავრობოებმა მიმართეს ვეტოს თხოვნით. უმრავლესობის უმრავლესობას უნდა ავუხსნათ საფრთხეები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და სხვა დამოუკიდებელი მედიისთვის“ , – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
მაუწყებლის შესახებ კანონზე და პრეზიდენტის ვეტოს მნიშვნელობაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა „ტვ პირველზე“, „ნინო ჟიჟილაშვილის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„მედიაორგანიზაციებს შორის არის უპრეცედენტო კონსენსუსი ამ კანონთან დაკავშირებით,რომელიც შეიცავს სერიოზულ რისკებს. პრეზიდენტმა დაინახა მნიშვნელოვანი საფრთხე საჯარო სიკეთეების მიმართ და ამიტომ გამოიყენა კონსტიტუციური უფლება. უნდა მივუბრუნდეთ ამ კანონის განხილვას და გავაანალიზოთ რამდენად დააზიანებს ის მრავალფეროვან მედიაგარემოს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. იმედი მაქვს,რომ საქმიანი მიდგომა იქნება და არა ჯიუტი. ეს მხოლოდ პრეზიდენტის პოზიცია არ არის, ეს ვეტო ეფუძნება ფართო კონსენსუსს.
ეს კანონი პრინციპულად უთანასწორო გარემოს შექმნის მედიაბაზარზე. ჩვენ იმისთვისაც ვიხდით თანხას,რომ ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურენციაში არ შევიდეს სხვა მედიასაშუალებასთან. ზოგ მათგანს გადარჩენაზე უწევს ბრძოლა, რადგან მილევადია მედიაბაზარი. მეორე მხრივ ეს კანონი აჩენს კორუფციის სერიოზულ რისკებს. ისევ იქნება შესაძლებლობა, რომ ბიუჯეტი, ხალხისგან მიღებული თანხები დაიხარჯოს სრულიად უმიზნოდ, გამჭვირვალობის გარეშე. საერთოდ რეგულაციის გარეშე რჩება ეს სფერო“ , – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე