საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას (integrated Regulatory Review Service (IRRS)) მასპინძლობს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში მისიის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე შეხვდა.
მისია მიზნად ისახავს საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემის შესწავლას და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.
სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები ორი კვირის განმავლობაში გაეცნობიან უწყებების საქმიანობას რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით.
მისიის რეკომენდაციების შესრულება გადამოწმდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ე.წ. “follow up” მისიის მიერ.
მისიის მოსამზადებელ პერიოდში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი ინფრასტრუქტურა შეაფასეს. ამაში მათ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი SARIS (Self-Assessment Tool) სისტემა დაეხმარათ. თვითშეფასების ანალიზის შედეგად შემუშავდა სამოქმედო გეგმის პროექტი.