მამუკა ბახტაძემ ბანკების შეზღუდვასთან დაკავშირებით ენერგიული და რთული ნაბიჯები გადადგა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჟურნალისტებში ჩნდება შეკითხვა, რატომ სხვები არა, მაგრამ გავიხსენოთ, ვინც შს მინისტრის პოსტზეა, იქ უნდა იყოს, რადგან იქ რთული სფეროა და კარგად უვლის; ქალაქის მერად ვინც არის, ენერგიული კაცია, მაგრამ ისიც რთულ სფეროს, ნახევარ საქართველოს უვლის და იმ ადგილზე საჭიროა. ვიღა დარჩა?! ნაკლები გამოცდილების მქონე ინფრასტრუქტურის მინისტრი და მამუკა ბახტაძე და აირჩიეს ბახტაძე. სხვა ლოგიკა არ ჩანს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მხრიდან განათლება პრიორიტეტად დასახელდა, მაგრამ თუ ქვეყანას მთლიანი კონცეფცია არ აქვს, თუ რა მიმართება აქვს განათლებას ყველა დანარჩენ სფეროსთან, მარტო განათლების ძახილი არაფერს მოგვცემს.

„ბევრი წლის განმავლობაში, განათლებაში არ გვყავდა ხელმძღვანელი, რომელსაც განათლების, სასწავლო და სამეცნიერო პროცესთან ჰქონდა საქმე, ამჟამად კი, მაღალი რანგის პროფესიონალია და ძალიან დამენანება, თუ ის პოლიტიკურ ცვლილებებს გადაჰყვება“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა საკითხები შეიძლებოდა ყოფილიყო წყალგამყოფი ყოფილ პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობას, ან მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შორის, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ერთ-ერთი ფაქტორი პოლიტიკური ტემპერამენტი იყო.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ გიორგი კვირიკაშვილი პიროვნულად, ძალიან კარგი კაცი იყო, მაგრამ საჭის მართვა ვერ შეძლო. მასთან ურთიერთობა მეც მქონდა მეცნიერებასთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე, რაც უმარტივესად გასაკეთებელი იყო, მაგრამ ვერ გააკეთა. ბევრი დროის მიუხედავად, უმარტივესი საქმე შედეგამდე ვერ მიიყვანა. ჯერ ჯეჯელავასთან გადამამისამართა, მერე საქმე უკან ვერ გადაილოცა და ასე შემდეგ“, – განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ როცა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, თავის მიზნად რამდენიმე საკითხი დაასახელა, შიდა დაჯგუფებებს შორის განხეთქილებებისშემცირება და ხალხსა და ხელისუფლებას შორის არსებული განხეთქილება, პრემიერ მინისტრის პრობლემა კი, ამ ორივე საკითხში იყო გადასალახი, რადგან როგორც აღმოჩნდა, პრემიერი რომელიღაც მხარეს იყო და შესაბამისად, ამ დაძაბულობას აძლიერებდა.

საყვარელიძის თქმით, პოლიტიკაში მობეზრება ერთ-ერთი ფაქტორია და როგორც კი მოსახლეობას მობეზრება დაეწყება, ცვლილება მაშინვე უნდა დაიწყოს.

„გააჩნია, პოლიტიკოსს საქმე რა დინამიკით მიჰყავს. თუ დინამიზმი არის, ადამიანებს ის არ ბეზრდებათ, ასი წელიც რომ იყოს, მაგრამ თუ დინამიზმი არ იქნა, შეიძლება, ერთ წელიწადშიც მობეზრდეთ“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

Please follow and like us: