ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” ტელეკომპანია „იბერიის“ მხრიდან მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დაცული და გამიჯნული აღმოჩნდეს ბალანსი, კრიტიკული მედიის არსებობასა და სახელმწიფოს წინაშე არხის მესაკუთრეთა ფინანსური დავალიანების მოგვარებას შორის, რაც მძიმედ აისახება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობის შეჩერება არ პასუხობს საზოგადოების ინტერესებს. კრიტიკულად აუცილებელია საკითხების შეფასება არ მოხდეს ცალსახად და არ დაზიანდეს საზოგადოების საჯარო ინტერესები – ფლობდნენ და ღებულობდნენ მიუმხრობელ და ზუსტ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები, რომლითაც „ომეგა ჯგუფი“ დაგროვებული ვალის, 51 მილიონი ლარის გადახდას რესტრუქტურიზაციის პირობებში შეძლებს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სწრაფი, ეფექტიანი და სანდო გამოძიებით პასუხი გასცეს სავარაუდო დანაშაულისა და სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს, რომლებიც გამოქვეყნებული აუდიო-ჩანაწერებით საზოგადოებას ეცნობა. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიის რეალური ფუნქციის განხორციელება და მოვლენების სამართლიანი ბალანსით საზოგადოებისთვის მიწოდება. შესაბამისად, არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, შეაჩეროს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობა, საკითხის მიუმხრობელი შეფასების პოზიციებიდან, აზარალებს არამხოლოდ საზოგადოებრივ ნდობას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, დასაქმებულთა უფლებებსა და დემოკრატიას, არამედ აძლიერებს ყველა იმ მოსაზრებას, რომელიც არსებობს ოფიციოზის მხარეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სოლიდარობას გამოთქვამს თავისუფალ პროფესიაში მყოფი ყველა ჟურნალისტის მიმართ და იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია „იბერია“ დაუბრუნდება საზოგადოების წინაშე მისი მთავარი ფუნქციის შესრულებას. შესაბამისად, „იბერიამ“ მაუწყებლობა უნდა განაახლოს.

გაზიარება