„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ხშირად საარჩევნო კომისიების მუშაობაში არის ისეთი დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც კომისია დამკვირვებელთა შენიშვნების შემდგომ ასწორებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ორგანიზაციის მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
„თუმცა, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია. მათი მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია არა იმდენად არჩევნების გაყალბების მცდელობით, არამედ არაკვალიფიციურობით და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვლინდება, სადაც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა და ზოგჯერ – კონფლიქტებიც.
საქართველოში ჩატარებული წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, კვლავ შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. „ამომრჩეველთა მთვლელები“ ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე და ამოწმებენ წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობას, ითვლიან ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ – არა. ისინი ასევე ესაუბრებიან საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ზოგჯერ ამ საუბარს პირდაპირი აგიტაციის ფორმა აქვს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა შედარებით დაბალი აქტივობით უკმაყოფილო კოორდინატორები მობილური ტელეფონებით ურეკავდნენ ამომრჩევლებს და არკვევდნენ არჩევნებზე გამოუცხადებლობის მიზეზებს.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – იორმუღანლოსა და ლამბალოში კოორდინატორები განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდნენ ამომრჩეველთა მობილიზებას. უბანზე მისულ ამომრჩევლებს ართმევდნენ პირადობის მოწმობებს, ეძებენენ მათ ამომრჩეველთა სიებში და მიჰყვებოდნენ საარჩევნო უბნის კარამდე, სადაც ხმამაღლა იძახდნენ მათ სარეგისტრაციო ნომრებს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ და სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, ეს პრობლემა გასაგებად გაიწეროს და მოწესრიგდეს საარჩევნო კანონმდებლობაში. დღეისათვის საარჩევნო კოდექსი პირდაპირ არ კრძალავს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების/აგიტატორების აქტიურობას. თუმცა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. ამავე დროს, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ორგანიზაციის მოსაზრებით, სხვადასხვა ფორმით ამომრჩეველთა მობილიზება, საარჩევნო უბნებზე მათი გამოცხადების აქტიური კონტროლი, პირადობის მოწმობების გამორთმევა და ამომრჩეველთა სიაში პირადი მონაცემების გადამოწმება, სატელეფონო ზარები შინ მყოფ ამომრჩევლებთან უბანზე გამოცხადების მოთხოვნით – კოორდინატორებისა და აგიტატორების მუშაობის ასეთი აგრესიული მეთოდები არჩევნებზე ხელს უშლის ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენას.
„ამავდროულად, სხვადასხვა პარტიების კოორდინატორებსა და მხარდამჭერებს შორის ხშირია ინციდენტები და კონფლიქტები საარჩევნო უბნების მიმდებარედ, რაც აფერხებს არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.