იდეა მაშინ არის მეტად ეფექტური, თუ ის ეროვნული დატვირთვის მატარებელია. 21-ე საუკუნეში, უმაღლესი კონკურენციის პირობებში, რთულია, შექმნა ისეთი, რაც სხვა ბევრისგან გამოგარჩევს და წარმატებას მოგიტანს.

“Chacha Corner-ი” არსებობის მხოლოდ ერთ წელს ითვლის. მის წარმატებაზე „თბილისი თაიმსს“ ვატო ბოცვაძე ესაუბრა:

უპირველეს ყოვლისა, ფაქტობრივი ინფორმაცია მოგვაწოდეთ თქვენი მაღაზიის შესახებ.

ჩვენი ბიზნესი არის მაღაზია  „ჭაჭა კორნერი“ რომელიც, სულ რაღაც, ერთი წელია, არსებობს. ამ სახის მაღაზიის შექმნის იდეის ავტორი მე გახლავართ. მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი საქართველოში ალკოჰოლური ბაზრის გავითარების დინამიკას. მათ შორის – მაღალალკოჰოლური სასმელების.

რა იყოს მიზეზები, რის გამოც ეს იდეა გაჩნდა?

ერთი, რაც თავიდანვე ნათლად ჩანდა, გახლდათ ის, რომ ჩვენი ქვეყნის ბაზარი ბოლომდე გაჯერებული იყო იმპორტული, დაბალხარისხიანი პროდუქციით, ხოლო ჩვენი, ადგილობრივი მწარმოებლებიდან, ნაწილი თავის შექმნილ მაღალალკოჰოლურ სასმელებს უცხოეთში ყიდიდა ექსპორტის გზით, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მათი პროდუქციის ყიდვა ძალიან ძნელი იყო. ასეთი სახით ოპერირებდა ქართულ ბაზარზე მცირე მწარმოებლების უმეტესობა, გარდა, ალბათ, ერთეული შემთხვევებისა და ასევე – მსხვილი ქარხნებისა.

აქედან გამომდინარე, გამიჩნდა იდეა, შემექმნა სპეციალიზებული მაღაზია, სადაც ნებისმიერი მყიდველი შეძლებდა ამ პროდუქციის ნახვასა და შეძენას. ასევე, მოხდებოდა ამ  სასმელების  გაცნობა იმათთვის, ვინც არ იცნობდა მას. აქვე მინდა აღვნიშნო – იმდენად მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქცია იწარმოება საქართველოში, რომ ვერც ერთი სტუმარი ვერ მალავს თავის გაკვირვებასა და აღფრთოვანებას, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია.

როგორ ფიქრობთ, გაამართლა თქვენმა ბიზნესმა?

იდეამ გაამართლა და მაღაზიაც ყოველდღიურად სულ უფროდაუფრო პოპულარული ხდება. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, რიგი მიზეზებისდა გამო, მაინც, ნაწილობრივ, ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. მაგრამ აქვე მინდა დავამატო, რომ ქართულ მაღალალკოჰოლურ სასმელებს უდიდესი პოტენციალი აქვს და ოდნავ მაინც რომ მიექცეს ყურადღება და ხელი შეეწყოს ამ დარგს, ჩვენი ქვეყანა სულ მალე ამ პროდუქტის ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი ექსპორტიორი გახდება.

კონკურენტი თუ გყავთ, ამ მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში?

ჩვენ, დღესდღეობით, კონკურენტი არ გვყავს, რაც ძალიან ცუდია. ერთი იმიტომ, რომ კონკურენცია, რეალურად, ზრდა-გავითარების მასტიმულირებელია და ასე ცოტა მოსაწყენია და მეორე – უკონკურენტობა მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროდუქტი დიდად არავის  აინტერესებს. არადა, ჩემი აზრით, არანაკლებ მასშტაბურია, ვიდრე ღვინო იმიტომ, რომ მაღალალკოჰოლურ სასმელებში მარტო ჭაჭა (რომელიც, ძირითადად, მეღვინეების პროდუტია) არ იგულისხმება, არამედ ხილის, თაფლის და ლუდის, მარცვლეულის დისტილატები. ანუ მისი წარმოება ბევრად დიდ ტერიტორიას მოიცავს, ვიდრე ის ტერიტორია, სადაც ყურძენი მოდის.

რა შედის თქვენი მაღაზიის მარაგის შემადგენლობაში?

ჩვენს მაღაზიაში თითქმის სრულად არის წარმოდგენილი ყველა მცირე მეწარმე, რომელიც ხარისხიან მაღალალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს. გარდა ყველასთვის ცნობილი დისტილატებისა (ჭაჭა, ყურძნის, თაფლის, ხილის და სხვ) გაგიკვირდებათ და ჩვენთან წარმოდგენილია პირველი ქართული ჯინი, რომელიც სამეგრელოში იწარმოება, რაჭაში, „შხივანას“ ტყეში  შეგროვილი ბიოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან და ამ ჯინის სახელია „შხივანა“. ასევე, ჩვენთან წარმოდგენილია პირველი ქართული ვაშლის კალვადოსი „ეთნო“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ვაშლისგან იწარმოება და მომხმარებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს.

როგორია დაინტერესება ქართველები მხრიდან/უცხოელების მხრიდან?

ქართველების მხრიდან დაინტერესება დიდია, მაგრამ ჩვენი ძირითადი კლიენტები უცხოელი ტურისტები არიან. რომლებიც ძალიან აფასებენ ქართულ, ეკოლოგიურად სუფთა მაღალალკოჰოლურ პროდუქტებს.

მხოლოდ დედაქალაქს მოიცავთ?

ჯერჯერობით ერთი მაღაზია გვაქვს თბილისში. თუ საქმე კარგად წავა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაში გამოიხატება, აუცილებლად გავხსნით ფილიალებს.

სამომავლოდ, რა გეგმები გაქვთ და თუ გეგმავთ, გახსნათ თქვენი მაღაზიის ფილიალები?

გეგმა უამრავი გვაქვს. და ჩვენი გეგმები ქართული მაღალალკოჰოლური სასმელების გავრცელებასა და გაცნობას ემსახურება.

მარიამ ტიელიძე

გაზიარება