იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIჩEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან დოქტორ, ღასან ხალილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა და მისი განხორციელების მონოტორინგის პროცესი.
განხილული იყო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კანონის იმპლემენტაციის მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს თანათავმჯდომარე, ეკა ბესელიასთან ერთად, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIჩEF) ხელმძღვანელი ღასან ხალილი იქნება.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხები განიხილეს.
„ჩვენ გაეროს ბავშვთა ფონდთან გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო, მე ვიტყოდი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორული თანამშრომლობა 2013 წლიდან იმიტომ, რომ ერთად დავიწყეთ სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმა და პირველად შეიქმნა სრულიად ახალი კანონი.
რეფორმის შედეგად სკოლამდელი დაწესებულებები აღიჭურვება თანამედროვე ევროპული სტანდარტით. ბავშვები საუკეთესო პირობებში მიიღებენ ერთიანი საგანმანათლებლო ეროვნული სტანდარტის შესაბამის განათლებას, ინფრასტრუქტურას, კვებას, ჰიგიენას და უსაფრთხოებას“-აღნიშნა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.
მისი განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუნისეფთან და მთავრობასთან ერთად აწარმოებს მუდმივი მონიტორინგის პროცესს, რომლის მიზანია რეფორმის ხელშეწყობა.
„რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან ვისაუბრე უახლოეს გეგმებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ისეთივე ძალიან ღირებული და წარმატებული, როგორიც ეს იყო მთელი ამ ექვსი წლის განმავლობაში. ჩვენ მართლაც ბევრი სიკეთე მოვუტანთ ბავშვებს და ამ მხრივ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს დაგეგმილი და ბევრი გვაქვს მართლაც გადასაწყვეტი“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის თანათავმჯდომარეც მასთან ერთად ღასან ხალილი იქნება, ნოემბრის ბოლოს მორიგ სხდომას გამართავს, რომელშიც მონაწილოებას მიიღებენ რეფორმის პროცესში ჩართული სამინისტროების წარმომადგნელები, ასევე მთავრობის ადმინისტრაცია, ექსპერტები და სახალხო დამცველის ოფისი.