ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველმა ტელენევროლოგმა, დავით მრელაშვილმა კახეთის რეგიონს „ფაიზერის“ (Pfizer) ვაქცინის შესანახად –80 გრადუსზე მომუშავე მაცივარი საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოსთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
„კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას შესანახად სჭირდება განსაკუთრებული პირობები, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შესაბამის დაწესებულებებს ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენთან შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, ამ მაცივრის საშუალებით, კახეთის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მაცივარი თელავშია და მისი ტევადობა ისეთია, რომ კახეთის მოსახლეობის ვაქცინაციისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობა შეგვიძლია შევინახოთ“, – ამბობს ნელი ხიზანიშვილი.






