„საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრამ“, კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით, ხელნაწერი შრიფტების გაკეთება 2 წლის წინ დაიწყო. პირველად ნიკო ნიკოლაძის ხელნაწერის შრიფტი გაკეთდა, შემდეგ – იაკობ გოგებაშვილის. ამის შემდგომ უკვე გადაწყდა, ზვიად გამსახურდიას 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 31 მარტისთვის გაკეთებულიყო მისი ხელნაწერის შრიფტი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი ხელნაწერით წერა.
როგორ შეგროვდა ზვიად გამსახურდიას ხელნაწერები და, საბოლოოდ, როგორ შეიქმნა მისი ხელნაწერი შრიფტი – აღნიშნულის შესახებ „თბილისი თაიმსს“ „ჯეპრას“ პროექტების მენეჯერი, რუსკა უსტიაშვილი ესაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, ზვიად გამსახურდიას ხელნაწერების შეგროვებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები იყო.

„სირთულეს წავაწყდით იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი ხელნაწერი ძალიან ცოტა რაოდენობით არის შემორჩენილი, რადგან ხანძრის დროს მისი სამუშაო ადგილი განადგურდა და მასთან ერთად – მისი ძალიან ბევრი ხელნაწერი.
სამწუხაროდ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მისი ხელნაწერები არ აღმოაჩნდა. ეროვნული არქივიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან, ასევე, პირადი კოლექციებიდან მოვიძიეთ მისი წერილები. ამ წერილების მიხედვით უკვე დავით მაისურაძემ შექმნა ხელნაწერი შრიფტი. ის უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. ყველას შეუძლია, უფასოდ ჩამოტვირთოს და წეროს ზვიად გამსახურდიას შრიფტით“, – განმარტავს რუსკა უსტიაშვილი.

”შრიფტი მხოლოდ ცნობილი მოღვაწის ხელნაწერიდან ამოკრებილი ასოების ერთობა არაა. შრიფტში პიროვნების ხასიათი უნდა ჩანდეს, მასში უნდა აისახოს ყველაფერი: ავტორი კალამს მსუბუქად უსვამს თუ მკაცრად, დინჯად წერს თუ სწრაფად, წერისას მშვიდია თუ აღელვებული… ზოგჯერ ავტორის წერილებიდან სხვადასხვა ხასიათი ჩანს და აქ შრიფტის დიზაინერის ამოცანა რთულდება: მან უნდა შეძლოს, ხელწერის ზოგადი თვისებებიც შეაჯეროს, მაგრამ ამავე დროს ნაწერს არ დაუკარგოს ინდივიდური ხასიათი. ზვიად გამსახურდიას წერილების კალიგრაფიაზე დაკვირვებაც ამ მხრივაა საინტერესო: კალიგრაფია ჩემთვის მიმანიშნებელია იმისა, თუ რას გრძნობს იგი აზრის გადმოცემისას. ასეთი ინტერპრეტაციები ზუსტი რომც არ იყოს, შრიფტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. შედეგი კი კიდევ უფრო სასიამოვნო: ასე მგონია, მათი ხელწერის გაცოცხლებით დიდი ქართველი მოღვაწეების უკვდავყოფაში უმცირესი წვლილი მეც შემაქვს“, – განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული შრიფტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია fonts.ge-სა და calligraphy.ge-ზე
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ






