ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას გადარჩენილი სამი წლის თაიას გადარჩენის წუთებს მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი იხსენებს. მისი თქმით, ბავშვი ნანგრევებში დაახლოებით სამი სართულის სიმძიმის ქვეშ იყო მოყოლილი. მაშველებმა თავდაპირველად მხოლოდ მისი ფეხი დაინახეს, მოგვიანებით კი გაიგეს, რომ გოგონას რვა საათის განმავლობაში ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა.
- გაგა გიგაშვილმა მომხდარის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე“ ისაუბრა და გაიხსენა, რა მდგომარეობაში დახვდათ გოგონა, როგორ დაამყარეს მასთან კონტაქტი და რა ემოცია დაეუფლათ, როდესაც თაიამ მაშველის ხელს ხელი მოუჭირა
როდესაც ბავშვთან შევედით, არ იყო კონტაქტური, სახე ჰქონდა დაფარული. ვერ საუბრობდა. ერთი პერიოდი ფეხს ამოძრავებდა და მერე ეს ფეხიც არ გაამოძრავა.
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა თავზე, მის თავზე იყო ნანგრევები, ფილები, სინკარები, ხის მასალა. როდესაც ჩვენ მივედით, მხოლოდ ფეხი ჩანდა. როცა ხელი მოვკიდეთ, ფეხი ოდნავ გაამოძრავა… ამის შემდეგ ემოცია ვეღარ დავმალეთ, კადრებშიც ჩანს ჩვენი სიტყვები და ემოციები.
შემდეგ, ხელამდე მივაღწიეთ. ხელში თმის სამაგრი ეჭირა – რვა საათის განმავლობაში და როდესაც გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავუძახეთ, ხელი მოეჭირა თუ ესმოდა ჩვენი ხმა, ხელი როცა მოგვიჭირა, მაშინ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო.
როგორც გითხარით, სახე დაფარული ჰქონდა. რომ გავათავისუფლეთ ცოტა ხანს წამოიტირა, დავამშვიდეთ, როგორც დიდი ადამიანი ისე იქცეოდა, რასაც ვეუბნებოდით, ასრულებდა.
- რაც შეეხება იმ ემოციებს რაც ჩვენ, მეხანძრე-მაშველებმა განვიცადეთ, ისეთი რამ იყო, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ, არ შემიძლია იმის მოყოლა რაც იმ მომენტში განვიცადე, რაც ვიგრძენით თითოეულმა მეხანძრე მაშველმა. “შენ გენაცვალე, ძია” – ეს იყო გულიდან ამოსული სიტყვები. ეს მომენტი და ის სიტუაცია თითოეულმა მეხანძრე მაშველმა საკუთარ თავზე გავიაზრეთ”.






