ქვემო ფონიჭალაში ნანგრევებში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ლალი შიშმანაშვილს ეკუთვნოდა, ტყუპების დედას, რომელმაც შვილები ფანჯრებიდან გადმოყარა, რომ გადაერჩინა, თვითინ კი ნანგრევებში ჩაიკარგა.
ადგილობრივების თქმით, ქალი განწირული ითხოვდა შველას. “ლალი მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – უყევება “პირველებს” დაღუპული ქალის მეზობელი.
ქვემო ფონიჭალის მკვიდრები მომხდარ აფეთქებას იხსენებენ, ამბობენ, ისეთი ხმა იყო, რომ ეგონათ ბომბები ცვიოდა.
პირველი მე გამოვედი, რადგან ჩემი ორი შვილი გოგო სკოლაში რომ გამოვიდნენ, აგერ კორპუსის წინ იდგნენ რომ იბუთქა, მოვიდნენ, დედიკო მემგონი მიწისძვრაა, ჩამოდიო, მე კიდე ვყვიროდი, ამოდით, ბომბებს ისვრიან-მეთქი. ამ ჩემს გოგოს პატარა კენჭივითდ აეცა მხარზე, ღმერთმა დაგვიცვა მაგ დროს. ამ კივილ-წივილში ჩამოვირბინე, და დავინახე მაგათი ტყუპი გოგოები და ის ბიჭი ყვირიან, მაგათი დისშვილი იყო გადმოვარდნილი, ძირს ეგდო. ავიყვანეთ, დიდი ბიჭია, გადარჩა. გვითხრა, შიგნით არიანო, გაიქეცითო, მეთქი შვილო სად გავიქცე, შედი დეიდაჩემი ნანგრევებშიაო. შეევარდი მაგ ლალის ოთახში, ტყუპების დედის და ხმა მესმოდა, ყვიროდა იქიდან – ქალი არ ხარ, გოგო მიშველეო. 9 საათი იყო დილის და ჯერ ცოცხალი იყო. ხმა ისმოდა, არ ჩანდა. მისი შვილებიც ყვიროდნენ, დედიკოს უშველეო. თვითონაც იქიდან ყვიროდა, ქალი არ ხარ მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო. ვუთხარი, ცოტა ხანიც მოითმინე და გიშველიან-თქო. ბავშვები დავსვი იქ, სულ მტვრიანები იყვნენ. მერე სხვა ბავშვებიც ხო ჩამოდიოდნენ, ყველანი მტვრიანი იყო. მეხუთედან ბავშვები ყვიროდნენ, ვერ გამოვიდვართო”, – ამბობს ადგილობრივი.
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.






