საქართველოს საპატრიარქო რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას დადებით მოვლენად მიიჩნევს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
“მთავრობის დადგენილებას “საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის” დამტკიცების თაობაზე, საქართველოს საპატრიარქო დადებით მოვლენად მიიჩნევს. საბჭოთა რეჟიმმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიებიც დააზარალა და მთავრობის ეს ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გამოხატულებაა”, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო მართლმადიდებლობის გარდა, კიდევ ოთხ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს. საკითხი დღეს მინისტრთა კაბინეტმა განიხილა. სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სისტემური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ. საუბარია ოთხ რელიგიურ მიმართულებაზე – ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები. ამ ეტაპზე საუბარია ზოგად თანხაზე, რომელიც პროპორციულად განაწილდება. თანხის ზედა ზღვარი 4,5 მილიონი ლარით განისაზღვრება.
27.01.14