შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკველი ეკურთხა.
საძირკველის კურთხევის წესი ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
საძირკვლის კურთხევას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ლევან ჯმუხაძე და ალუდა თუთისანი, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ტაძრის მშენებლობის გადაწყვეტილება შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღეს. პროექტი საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატის, გოჩა ენუქიძისა და თბილისის მერის, კახა კალაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტაძარს განსაკუთრებული სულიერი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა ექნება და ერთიანობის, თანადგომისა და დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემის სიმბოლოდ იქცევა.






