ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში გაემგზავრა.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 26 მარტს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან ევროპულ საქმეებში ნიკოლაოს ხუნტისთან და საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გეორგიოს ვარემენოსთან. შეხვედრებზე რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე ისაუბრებენ.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრი ათენიდან კვიპროსის რესპუბლიკაში გაემგზავრება, სადაც, ასევე, დაგეგმილია დავით ბაქრაძის შეხვედრები კვიპროსის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრი შეხვედრას გამართავს კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოანის კასულიდისთან. საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პესპექტივებზე კი საგარეო საქმეთა სამინისტროში კვიპროსისა და საქართველოს დელეგაციები გაფართოებული კონსულტაციების ფორმატში იმსჯელებენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან (ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას) პროდრომოს პროდრომუსთან, კვიპროსის რესპუბლიკაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ალექსანდრა ატალიდესთან და ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჯორჯ მარკოპულიოტისთან. საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე დავით ბაქრაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრებს.