მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური ჟურნალისტებს სთხოვს, არაკომპეტენტური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.
სპეციალურ მიმართვას მელითაური Facebook-ში საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“ჩემო მეგობრებო, უცხოებო, ახლობლებო დიდი მადლობა ამხელა თანადგომისთვის. ჟურნალისტებო! ძალიან გთხოვთ, მაცადოთ მეუღლის ჩამოსვენება და დაკრძალვა. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაკომპეტენტური განცხადებებისგან, მესმის ცნობისმოყვარეობა, რომელიც ამოძრავებს ზოგიერთ საიტს, თუმცა არაეთიკურად მიმაჩნია ამ თემით მანიპულირება, მით უმეტეს, რომ არსებობს 15 წლის ბუკა, 6 წლის ტასო, 3 წლის თარაში და ბავშვი, რომელიც მიზის მუცელში. გული მწყდება, არ მეგონა, თუ “ფეისბუქზე” შემოსვლა მომიწევდა ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში. იმედია, ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და მაცდით დავიტირო ადამიანი, რომელიც სამყაროს მერჩივნა. მადლობა ყველას”, – წერს განო მელითაური.
მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში, 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.