საპარტნიორო ფონდი Merrydow Development Holdings LTD ერთად Hyatt Regency-ის პროექტს იწყებს მსოფლიო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რუსთაველის გამზირზე, ყოფილი იუსტიციის სამინისტროს შენობაში განთავსდება. პროექტის თანახმად, მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია, გამაგრდება და შენარჩუნდება ისტორიული ფასადი. 170 ნომრიან სასტუმროში საკონფერენციო დარბაზები, ოთხი რესტორანი, სპა და ფიტნეს ცენტრები მოეწყობა. “საქართველოში სასტუმროების მსოფლიო ბრენდის შემოყვანა საპარტნიორო ფონდისთვის პირველი არ არის. ფონდმა ტურიზმის სფეროში რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელა. ესენია: 5-ვარსკვლავიანი რიქსოს ბორჯომის სასტუმრო კომპლექსი, და საშუალო ზომის სასტუმროები კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში „როიალ ბატონი“ და „ჯინო ველნესი“; განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, Hyatt Regency -ის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტში საპარტნიორო ფონდის პარტნიორია Merrydow Development Holdings LTD. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ. აშშ დოლარია. სასტუმროს მშენებლობა 2018 წლის დასაწყისში დასრულდება. Merrydow Development Holdings LTD არის შპს „რუსთაველი ფროფერთის“ დამფუძნებელი, რომელიც სასტუმროს განვითარებას ახორციელებს. Hyatt Regency -ის ქსელი 150-ზე მეტ სასტუმროს მოიცავს. მათ შორის, 29 სასტუმრო ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ დასავლეთ აზიის ისეთ ქალაქებშია განთავსებული, როგორიცაა ბერლინი, დელი, დუბაი, ლონდონი და პარიზი.