პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტის რეგლამენტი დაარღვია, რადგან სამთავრობო ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში ერთი კვირის დაგვიანებით გაიგზავნა.
ეს განცხადება უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ანგარიში არა 11 სექტემბერს, არამედ 4 სექტემბრამდე უნდა შესულიყო პარლამენტში.
„რეგლამენტით, ანგარიშის წარმოდგენა გათვალისწინებულია სესიის პირველი კვირის განმავლობაში. ჩვენი პირველი კვირა 4 სექტემბერს დასრულდა. ასე რომ, მთავრობის ანგარიშს ჩვენ 4 სექტემბრამდე ველოდით. შემოვიდა 11 სექტემბერს. ასე რომ, მინდა საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს და იმედია ამას მისი საპარლამენტო მდივანი გადასცემს სათანადო თანამდებობის პირებს, რომ დავიცვათ ვადები. ეს დარღვევა არის სრულიად ცხადი. ამასობაში, იმ ტიპის დარღვევა არ არის, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება პარლამენტმა სანქციებზე იმსჯელოს, მაგრამ კომიტეტებში ანგარიშის განხილვის პროცესში ალბათ, ამ თემაზეც იქნება ყურადღება გამახვილებული და გთხოვთ დავიცვათ ვადები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.














