„შემთხვევის ადგილის ფოტოები აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. უნდა დავრწმუნდე,რომ ჩემს ხელთ არსებული ფოტო არის გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი ფოტოს იდენტური. ამ დეტალმა შესაძლოა სუს-ის ვერსია დაკავების შესახებ თავდაყირა დააყენოს“ , – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „პალიტრაზე“, გადაცემაში „360 გრადუსი ცელსიუსით“ ისაუბრა.
„გავეცანი სამედიცინო დოკუმენტებს, ისინი მნიშვნელოვანია,რადგან დაზიანება მიყენებულია სხეულის ისეთ ნაწილზე, რომელიც ტანსაცმლით არის დაფარული და ქსოვილის დამუშავება მოხდა სამედიცინო ლაბორატორიული მეთოდებით. არსებული დოკუმენტები მხოლოდ მწირ ინფორმაციას იძლევა ჭრილობების მდგომარეობის შესახებ.
სროლის მანძილის შესახებ ინფორმაციის აღდგენა მხოლოდ გამოკითხვებით არის შესაძლებელი. მთავარი კითხვაა სროლის მანძილი და პოზა. შეეძლო თუ არა აეღო რამე საგანი, იყო მძინარე თუ არა. ის,რომ მაჩალიკაშვილი იყო საწოლში, ამას გიდასტურებთ. იყო თუ არა ოდნავ წამოწოლილ მდგომარეობაში, ამის დადგენას მეტი დოკუმენტები სჭირდება.
უცნობია გამოძიების მასალები და არ ვიცით სად იყო ხელყუმბარა. გამოძიების მასალების გარეშე შეუძლებელია ზუსტი სურათის აღდგენა. ადვოკატი ალბათ მოითხოვს და გამოძიების კეთილი ნებით იქნებ გარკვეული დეტალები შეისწავლოს ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტის საშუალებით“ , – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე